
15 და 19 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართება
14/02/2022 09:02:05 საზოგადოება
15 თებერვალს, 18:00 საათზე თებერვალს საქართველოს პარლამენტის შენობასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
"მეგობრებო! შევიკრიბოთ უკრაინის დამოუკიდებლობის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. შევიკრიბოთ რაც შეიძლება მეტი, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი დამოუკიდებლობის, განვითარების, დემოკრატიის და რუსეთის აგრესიისაგან თავისუფალი სამყაროს მხარდასაჭერად. გთხოვთ გაიკეთეთ 2-2 პირბადე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აქცია გაიმართება 19 თებერვალსაც, ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციასთან.
ღონისძიების ორგანოზატორი, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება, მოძრაობა „სირცხვილიაა“.
"დღეს უკრაინა რუსეთის მორიგი აგრესიის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც საფუძვლად რუსეთის იმპერიალისტური სურვილი უდევს - არ დაუშვას თავისი მეზობლების დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ და საქართველომ სამუდამოდ თქვან უარი ნატოში ინტეგრაციაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორი სახელმწიფოს განუყოფელ ბედს.
ჩვენი ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მომავალი ათწუეულების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ბედს, საქართველოს ხელისუფლება დუმილს ამჯობინებს, რუსეთს აგრესორად არ აღიარებს და როგორც ირაკლი კობახიძისგან გავიგეთ, "ამ ეტაპზე" საჭიროდაც არ მიიჩნევს, კიევში ჩავიდეს და მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინელ ერს.
თუ თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინა დამარცხდება, რუსეთი აუცილებლად ეცდება საქართველოს ბოლომდე დამორჩლებას. უკრაინელებს, რომლებიც აფხაზეთის ომში საქართველოსთვის იბრძოდნენ, ესმოდათ, რომ შემდეგი უკრაინა იქნებოდა. ასევე ქართველებს, რომლებიც დონბასში ომობენ, ესმით, რომ უკრაინაში წყდება საქართველოს ბედიც. დღეს ჩვენი სიჩუმე დანაშაულია, მეტიც ჩვენი ხელისუფლების სიჩუმე რუსეთთან თამანონაწილეობის ტოლფასია.
გავაგებინოთ უკრაინელებს და მსოფლიოს, რომ ქართველები მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით! გავაგებინოთ საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებას, რომ მათი უმოქმედობა ისტორიული #სირცხვილია!" - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.