
ტოვებს თუ არა „ომიკრონი“ იმუნიტეტს
14/02/2022 08:43:38 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, საქართველოში ჯერ „ომიკრონით“ რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა არაა ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა არსებობს კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება.
„თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, რადგან „ომიკრონს“ რამდენიმე ქვე შტამი აქვს. დღეს ჩვენთან უკვე პრევალირებს მისი B2 შტამი, მაგრამ „ომიკრონის“ შემდგომ კიდევ „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჯერ–ჯერობით არ გვაქვს. არც ჩვენ გვაქვს და არც ლიტერატურაშია მონაცემები, მაგრამ არსებობს რამდენიმე კვლევა, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან კვლავ ისაუბრა ზოგადად ვაქცინაციის და „ბუსტერ“–დოზის გაკეთების აუცილებლობაზე და რომ კვლევების თანახმად, „ბუსტერი“ სერიოზულად იცავს პირს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან:
„მთავარი მოწოდება ყველასთვის არის ისევ აცრა და განსაკუთრებით ბუსტერიზაცია, რადგან ამაზე უკვე ბევრი კვლევაა, რომ ბუსტერი სერიოზულად იცავს ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან“.