ზელენსკიმ ბაიდენი კიევში მიიწვია
14/02/2022 05:38:50 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში მიიწვია. ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.
"პრეზიდენტი ზელენსკი დარწმუნებულია, რომ სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გადამწყვეტ უახლოეს დღეებში აშშ-ის პრეზიდენტის კიევში ჩასვლა ძლიერი სიგნალი იქნება და ხელს შეუწყობს დეესკალაციას. ზელენსკიმ ბაიდენს განუცხადა, რომ უკრაინას ესმის არსებული რისკები და მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის", – აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ზელენსკიმ ბაიდენს მადლობა გადაუხადა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, კიევში ხედავენ აშშ-ის და სხვა პარტნიორების ქმედით მხარდაჭერას და იმედი აქვთ, რომ ეს ხელს შეუწყობს პანიკური განწყოებების გავრცელების აღკვეთასაც.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარეშე ევროპა უსაფრთხოდ ვერ იქნება და რომ უკრაინა კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარების მომხრეა.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.


