რუსმა დიპლომატმა დასავლეთის სანქციები უცენზური სიტყვებით დაგმო
13/02/2022 14:20:13 მსოფლიო
რუსეთის ელჩმა შვედეთში ვიქტორ ტატარინცევმა უცენზურო სიტყვებით დაგმო დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციები და რუსეთისათვის ყველაზე დიდ საფრთხე ნატოს გაფართოება დაასახელა.
„მაპატიეთ, გამოთქმისთვის, მაგრამ მიგვიფურთხებია დასავლეთის სანქციებისთვის“, - განაცხადა რუსეთის ელჩმა შვედურ გამოცემა Aftonbladet-თან ინტერვიუში.
ინტერვიუ ეძღვნება შვედეთის შესაძლო გაწევრიანებას ნატოში, რაზეც უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო სულ უფრო მეტი საუბარია ალიანსის კულუარებში.
„ევროკავშირი და ნატო რომ არ ახდენდნენ პროვოცირებას და არ ძაბავდნენ სიტუაციას, ჩვენ არ ვიქნებოდით ნატოში შვედეთის გაწევრიანების წინააღმდეგი, ჩვენ პატივისცემით მოვეკიდებოდი შვედეთის ასეთ გადაწყვეტილებას. მაგრამ ევროპის ამ ნაწილში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება მკვეთრად შეიცვალა, ნატოს გაფართოება ეს არის რუსეთისათვის ყველაზე დიდი საფრთხე“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის ელჩმა შვედეთში.
15 იანვრიდან შვედეთმა ოპერატიული სპეცდანიშნულების ძალა განათავსა ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ გოტლანდზე, რაც შეფასდა, როგორც „შვედეთის რეაქცია რუსეთ-უკრაინას შორის გართულებულ ვითარებაზე“.


