პენტაგონი უარყოფს, მოსკოვის ბრალდებას, რომლის თანახმად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ხომალდი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა
13/02/2022 07:00:59 მსოფლიო
პენტაგონი უარყოფს, მოსკოვის ბრალდებას, რომლის თანახმად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ხომალდი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა.
"რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი წყალქვეშა ხომალდის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ კომენტარს არ გავაკეთებთ, თუმცა ჩვენ ვფრინავთ, ვცურავთ და უსაფრთხოდ ვმოქმედებთ საერთაშორისო წყლებში", – განაცხადა კაპიტანმა კაილ რეინსმა.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი კურილის კუნძულების მახლობლად საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა.
უწყების ცნობით, ატომურმა წყალქვეშა ნავმა არ უპასუხა სიგნალს და მიიმალა მას შემდეგ, რაც მას წყლის ზედაპირზე ამოსვლა მოსთხოვეს.
"რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის დიდმა წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ხომალდმა „მარშალმა შაპოშნიკოვმა“, ამერიკული წყალქვეშა ხომალდის წინააღმდეგ გამოიყენა შესაბამის საშუალება. ამის შემდეგ ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა გამოიყენა რადარზე მიზნის გაორების იმიტატორი და დატოვა ტერიტორიული წყლები", – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
მისივე ინფორმაციით, ამ ფაქტის გამო რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამოიძახეს აშშ-ის სამხედრო ატაშე და გადასცეს ნოტა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მომავალში დაუშვებელია მსგავსი სიტუაციის განმეორება.
ინციდენტი უკრაინის ირგვლივ უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე მოხდა. უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. დღეს რუსეთ–აშშ–ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი გაიმართა. მანამდე, კრემლის ლიდერს დასავლეთოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ. დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


