"რუსული და ბელარუსული წყაროებიდან მივიღეთ ცნობები, რომ უკრაინაში შეჭრა არ მოხდება"
12/02/2022 20:29:38 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ოფიციალურმა ანკარამ რუსული და ბელარუსული წყაროებიდან მიიღო ცნობები, რომ უკრაინაში შეჭრა არ მოხდება.
„ბელარუსული წყაროები აგრეთვე უარყოფენ ბელარუსის გავლით უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობას", – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მისი თქმით, მაშინ, როცა კრემლი ნატო-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ოფიციალური ანკარა უკრაინაში რუსეთის შეჭრას არარეალურად მიიჩნევს.
თურქეთის საგარეო უწყების პირველი პირი ამბობს, რომ მომავალ ოთხშაბათს რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდება და ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, შუამავლის როლსაც იკისრებს.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. დღეს რუსეთ–აშშ–ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი გაიმართა. მანამდე, კრემლის ლიდერს დასავლეთოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ. დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


