კიევში "ერთიანობის მარში" გაიმართა: "ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას, როცა რუსეთი მნიშვნელოვან რისკს უქმნის ჩვენს ქვეყანას"
12/02/2022 17:27:18 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საშიშროების ფონზე კიევში "ერთიანობის მარში" გაიმართა. მარშის მონაწილეებმა დედაქალაქის ქუჩებში უკრაინის დროშები და ბანერები გამოიტანეს.
დემონსტრანტებმა შევჩენკოს პარკიდან მაიდანის მოედნამდე მშვიდობიანი მსვლელობა გამართეს.
„ჩვენ ერთად ვართ, ძლიერები ვართ. და რაც არ უნდა გიჟი იყოს ჩვენი მეზობელი, ჩვენ მაინც გვინდა ვიყოთ მშვიდობიანი, დემოკრატიული უკრაინა. ჩვენ არ გვინდა გიჟ მეზობელთან მეგობრობა, არ გვინდა ვიყოთ ძმები ამ გიჟი მეზობლის. ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიყოთ შორს ამ ქვეყნისგან", – აცხადებს CNN-ის ჟურნალისტთან საუბრისას ერთ–ერთი დემონსტრანტი კარინა კრავჩენკო.
კიდევ ერთი დემონსტრანტი ვიაჩესლავ სტელმაჰი აღნიშნავს, რომ "უკრაინელები წინააღმდეგობას გაუწევენ რუსეთის შესაძლო აგრესიას"
"ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას, როცა რუსეთი მნიშვნელოვან რისკს უქმნის ჩვენს ქვეყანას",– დასძინა მან.
უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვნენ პანიკას, რადგან ახლა ის ყველაზე მეტად სწორედ მტერს აწყობს.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. დღეს რუსეთ–აშშ–ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი გაიმართა. მანამდე, კრემლის ლიდერს დასავლეთოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ. დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


