ბლინკენსა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
12/02/2022 15:10:04 მსოფლიო
დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვაშინგტონის ინიციატივით სატელეფონო საუბარი გამართეს.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, საუბრის დროს ლავროვს აღუნიშნავს, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები მოსკოვის წინააღმდეგ ეწევიან „პროპაგანდისტულ კამპანიას“, როდესაც რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიაში ადანაშაულებენ. ამასთან, ლავროვმა დაადანაშაულა ვაშინგტონი, რომ "მისი წახალისებით კიევი მინსკის შეთანხმებათა საბოტაჟსა და დონბასის პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის მხარდაჭერას ესწრაფვის". სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა უგულებელყვეს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მიერ დეკემბრის ბოლოს წამოყენებული ძირითადი მოთხოვნები.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეახსენა თავის რუს კოლეგას კონფლიქტის დიპლომატიური მოწესრიგების აუცილებლობა, რაც მოსკოვისგან მოითხოვს დეესკალაციაზე დათანხმებას და მნიშვნელოვანი საკითხების კეთილსინდისიერ განხილვასთან დაბრუნებას. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარში ასევე აღნიშნა, რომ კრემლის მიერ კიევის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის გაგრძელებას მტკიცე პასუხი მოჰყვება ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მხრიდან.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. დღეს რუსეთ–აშშ–ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარია დაგეგმილი. მანამდე, კრემლის ლიდერს დასავლეთოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ. დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


