შავი ზღვისკენ 30–ზე მეტი რუსული სამხედრო ხომალდი მიემართება
12/02/2022 13:11:32 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაგეგმილი საზღვაო წვრთნების ფარგლებში 30-ზე მეტი სამხედრო ხომალდი შავი ზღვისკენ მიემართება.
"გემები ტოვებენ სევასტოპოლისა და ნოვოროსიისკის პორტებს და წვრთნებისთვის განკუთვნილი ტერიტორიისკენ გადაადგილდებიან. წვრთნები მიმდინარეობს შავი ზღვის ფლოტილიის მეთაურის, ადმირალ იგორ ოსიპოვის ხელმძღვანელობით. წვრთნების მიზანია, წარმოსახვითი მოწინააღმდეგის შესაძლო სამხედრო საფრთხეებისგან დაიცვას ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპირო ზოლი, შავი ზღვის ფლოტილიის ძალების (ჯარის) ბაზები, ასევე ქვეყნისთვის ეკონომიკური მნიშვნელობის ადგილები, საზღვაო საკომუნიკაციო ხაზები და საზღვაო ეკონომიკური აქტივობისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიები", – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მისი ცნობით, წვრთნები მოიცავს ცოცხალი ცეცხლის, მათ შორის სარაკეტო, საარტილერიო და საჰაერო იარაღის გამოყენებით მანევრებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი პარალელურად, წვრთნებს ბელარუსშიც მართავს.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. დღეს რუსეთ–აშშ–ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარია დაგეგმილი. მანამდე, კრემლის ლიდერს დასავლეთოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ. დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


