ბაიდენმა ნატო–ევროკავშირის ლიდერებსა და მოკავშირეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა: "ევროპაში კონფლიქტის რისკი რეალურია"
11/02/2022 19:00:02 მსოფლიო
აშშ–ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატო–ევროკავშირის ლიდერებსა და მოკავშირეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ნატო–ს განცხადებით, განხილვის მთავარი თემა უკრაინის ირგვლივ განვიტარებული მოვლენები იყო.
"მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ძვირად დაუჯდება და კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ისინი მზად არიან, გააგრძელონ დიალოგი რუსეთთან. ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ევროპაში კონფლიქტის რისკი რეალურია და მიესალმა ბოლო პერიოდში ნატო–ს მოკავშირეების მიერ დამატებითი თავდაცვითი ძალების განლაგებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა ბაიდენს მოკავშირეებთან მჭიდრო კონსულტაციისთვის და დასძინა, რომ ნატო–ს თავდაცვის მინისტრები მომავალ კვირას განიხილავენ, თუ როგორ გააძლიერონ ნატო–ს თავდაცვითი პოზიცია.
ლიდერები ასევე შეთანხმდნენ რუსეთთან დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზე. ნატო–ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მიიწვია რუსეთი და ნატო-რუსეთის საბჭოს ყველა სხვა წევრი შემდგომი შეხვედრებისთვის, რათა განეხილათ ევროპის უსაფრთხოება, მათ შორის სიტუაცია უკრაინაში და მის გარშემო, ნატო-რუსეთის ურთიერთობები, გამჭვირვალობა და რისკის შემცირება და შეიარაღების კონტროლი", – ნათქვამია ნატო–ს ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ:
- ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი;
- კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო;
- საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი;
- გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი;
- იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი;
- პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა;
- რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი;
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი;
- ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი;
ცნობისთვის: დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.
უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


