ლატვიის პრემიერი გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ: "ნატო-მ წარმოდგენილობა ბალტიიდან შავ ზღვამდე უნდა გააძლიეროს"
11/02/2022 07:53:04 მსოფლიო
ბალტიის ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ბერლინში შეხვედრა გამართეს, მიიჩნევენ, რომ ნატო–მ აღმოსავლეთ ევროპაში წარმოდგენილობა უნდა გააძლიეროს.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა და ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ აღნიშნეს, რომ უკრაინის საზღვარზე რუსეთის ძალების თავმოყრა მთელ რეგიონს უქმნის საფრთხეს.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს ყოფნის გაძლიერება აღმოსავლეთ ფლანგზე - ეს არის ბალტიიდან შავ ზღვამდე“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.
ესტონეთის პრემიერის თქმით, დეესკალაცია არ შეიძლება, მოხდეს უკრაინის ხარჯზე:
„ჩვენ ორიენტირებული ვართ უკრაინის მხარდაჭერაზე. დეესკალაცია არ შეიძლება, მოხდეს უკრაინის ხარჯზე".
თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მთავარი საკითხი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა.
„ის, რაც ამჟამად სასწორზე დგას, სხვა არაფერია, თუ არა ევროპაში ომის თავიდან აცილება. ჩვენ გვინდა მშვიდობა,“- აღნიშნა შოლცმა.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.


