"აშშ-ის მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ"
11/02/2022 06:07:20 პოლიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ.
მისი თქმით, ვითარება ძალიან დაძაბულია და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ამერიკელების გადასარჩენად სამხედროების გაგზავნას არ აპირებს.
"ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება, სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან", - განაცხადა პრეზიდენტმა NBC News-თან ინტერვიუში.
ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა სცენარი, რამაც შეიძლება, ბიძგი მისცეს მას, ამერიკელების გადასარჩენად ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, ბაიდენმა განაცხადა, რომ „არ არსებობს“.
„როდესაც ამერიკელები და რუსეთი ერთმანეთს ესვრიან, ეს მსოფლიო ომია. ჩვენ დღეს ძალიან განსხვავებულ მსოფლიოში ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ", - განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.


