Accentnews.ge
რუსეთი ქერჩის სრუტეს, ასევე აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიის ნაწილს კეტავს

რუსეთი ქერჩის სრუტეს, ასევე აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიის ნაწილს კეტავს

10/02/2022 12:36:49 მსოფლიო

კიევი აპროტესტებს რუსეთის გადაწყვეტილებას შავი და აზოვის ზღვების აკვატორიის ნაწილისა და ქერჩის სრუტის დაბლოკვის თაობაზე, რისთვისაც საბაბად უახლოესი დღეებისთვის დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნებია გამოყენებული.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ნაოსნობისთვის, მათ შორის მესამე ქვეყნებიდან მომავალი სავაჭრო ხომალებისთვის წყალსაცავების უპრეცედენტოდ დიდი ნაწილი ჩაიკეტება.

კიევი რუსეთის ამ გეგმას "ჰიბრიდული ომის ნაწილად" აფასებს.

Black Sea News აქვეყნებს შავი და აზოვის ზღვების აკვატორიის იმ რაიონების რუქას, რომლებიც 13-დან 19 თებერვლამდე იქნება დაბლოკილი. საუბარია აზოვის ზღვის აკვატორიის დაახლოებით ნახევარზე, ქერჩის სრუტეზე, ყირიმიდან დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით არსებულ მიდამოებზე. მარიუპოლის პორტთან მისასვლელი ჩაირაზება, ხოლო ოდესის პორტთან მისვლა გართულდება.

წვრთნებში მონაწილეობის ოფიციალურად დეკლარირებული მიზნით შავ ზღვაში 6 დიდი რუსული სადესანტო ხომალდი შევიდა: 3 - ბალტიის, 3 - ჩრდილოეთ ფლოტის. ბოლო სამმა ბოსფორის სრუტე ოთხშაბათს გაიარა.

სულ კი, როგორც იანვარში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, ამ სწავლებებში 140-ზე მეტი ხომალდი ჩაერთვება.

აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში წვრთნები ტარდება ხმელთაშუა ზღვაშიც. როგორც BBC აღნიშნავს, მასში უკვე შესულია საბრძოლო გემების ორი ჯგუფი.

უკრაინის კრიზისის ფონზე უკვე ხსენებული სამხედრო-საზღვაო წვრთნების პარალელურად, სამხედრო სწავლებები იმართება რუსეთის სამხრეთში და ბელარუსის ტერიტორიაზეც.

ცნობისთვის: რუსეთს უკრაინის საზღვართან უკვე 100-130 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული. უცხოელი ექსპერტების გათვლით, ეს ქვეყანაში შესაჭრელად საჭირო პოტენციალის დაახლოებით 70%-ია. ამასთან, ვარაუდობენ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია შესაძლოა, აზოვისა და შავი ზღვებიდანაც განახორციელოს.

***

ბერლინში დღეს ნორმანდიული ფორმატის ქვეყნების (უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია) პოლიტიკური მრჩევლების შეხვედრა იმართება. ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეორე შეკრებაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S