დღეიდან რუსეთი ბელარუსში წვრთნებს იწყებს
10/02/2022 06:11:10 მსოფლიო
დღეიდან რუსეთ–ბელარუსის ერთობლივი წვრთნები იწყება, რომელიც 20 თებერვლამდე გაგრძელდება. მანევრები ბელარუსში რამდენიმე ლოკაციაზეა დაანონსებული, თუმცა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია "Maxar"–ის მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოებიდან ირკვევა, რომ რუსული ძალების თავმოყრა ხდება უკრაინის საზღვართან – იმ ადგილზე, რომელიც ასობით მილითაა დაშორებული წვრთნების გასამართად განკუთვნილ ლოკაციას.
- ოფიციალური ინფორმაციით, ათდღიან ერთობლივ მანევრებში, 13 000 ჯარისკაცი, 300 ტანკი, 500 ჯავშანმანქანა და 3500 საჰაერო მედესანტე მიიღებს მონაწილეობას. თუმცა საპირისპიროს აცხადებენ დასავლეთში და საპირისპიროზე მეტყველებს "Maxar"–ის სატელიტური ფოტოები.
დასავლელი ლიდერების ინფორმაციით, წვრთნებში 30 000-მდე რუსი სამხედრო, ასევე S-400 ტიპის სახმელეთო-საჰაერო სარაკეტო სისტემების ორი ბატალიონი და 35 ავიაგამანადგურებელი მიიღებს მონაწილეობას.
გუშინ ბელარუსში რუსეთის გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი ჩავიდა.
"Maxar"–ის მიერ 5 თებერვალს გადაღებული ფოტოების ნაწილზე ასახულია ბელორუსის ლუნინეცის აეროდრომი, სადაც დაანონსებული ერთობლივი წვრთნების წინ რუსული მოიერიშე თვითმფრინავები განლაგდნენ. ფოტოებზე ჩანს აეროდრომზე განთავსებული რუსული "S-400" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და "Su-25" ტიპის ავიაგამანადგურებლები.

ლუნინეცის აეროდრომი.

ლუნინეცის აეროდრომი. "Su-25" ტიპის მოიერიშეები.
"Maxar"–ის რიგ ფოტოებზე ასახულია რუსული ძალების თავმოყრა იმ ადგილზეც, (მაგალითად, ქალაქ რეჩიცაში), რომელიც 170 მილის (270 კილომეტრის) დაშორებით მდებარეობს წვრთნების გასამართად განკუთვნილ ლოკაციიდან – ლუნინეციდან. რეჩიცაში თავმოყრილი ძალები მოიცავს ტანკებს, ჰაუბიცებს და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს.

რუსული ძალები რეჩიცაში.

რუსული ბანაკები რეჩიცაში.
სხვა სატელიტური ფოტოებიდან ირკვევა, რომ რუსული წარმოდგენილობა იზრდება რეჩიცას სამხრეთ-დასავლეთით, უკრაინის საზღვრიდან 15 მილის (25 კილომეტრის) დაშორებით ქალაქ ელსკთან ახლოს მდებარე სოფლებში.
"Maxar"–ის ფოტოების თანახმად, ელსკთან განთავსებულია მცირე რადიუსის ისკანდერის ბალისტიკური რაკეტები, რომელთა დიაპაზონი დაახლოებით 250 მილია (400 კილომეტრია).

რუსული ძალები ქალაქ ელსკთან.

ქალაქ ელსკთან განთავსებული მცირე რადიუსის ისკანდერის ბალისტიკური რაკეტები.
ბელარუსში რუსული ძალების მასიურმა თავმოყრამ აშშ-სა და ევროპელი ლიდერების შეშფოთება გამოიწვია.
3 თებერვალს ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რუსეთმა უკანასკნელ დღეებში ბელარუსში 30 ათასამდე მებრძოლი და თანამედროშე შეიარაღება გადაისროლა.
"ეს ბელარუსში მოსკოვის ყველაზე მასშტაბური სამხედრო განლაგებაა "ცივი ომის" დასრულების შემდეგ", – დასძინა მან.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.


