მაკრონი ბაიდენს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან გამართულ შეხვედრებზე ესაუბრა
10/02/2022 05:50:53 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან გამართულ შეხვედრებზე ესაუბრა .
თეთრი სახლის ინფორმაციით, კიევსა და მოსკოვში მაკრონის ვიზიტების გარდა, პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის გაზრდის პასუხად მიმდინარე დიპლომატიური და შეკავების ძალისხმევა, რომელსაც მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მიმართავენ.
თეთრი სახლის პრეს–მდივანს ჯენ ფსაკის ვაშინგტონში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იზიარებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტის ოპტიმიზმს გარკვეული პროგრესის შესახებ. ფსაკის თქმით, ვაშინგტონისთვის მთავარია, რომ რუსეთმა ნაბიჯები გადადგას დეესკალაციისკენ, რაც ჯერ–ჯერობით არ ხდება.
როგორც მან აღნიშნა, ბაიდენი ევროპელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 7 თებერვალს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ხოლო 8 თებერვალს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. როგორც მაკრონმა თქვა, მიაღწია იმას, რომ სიტუაციის გაუარესება და ესკალაცია არ იქნება, თუმცა, კრიზისის დაძლევა ხანგრძლივი პროცესია.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


