ლიეტუვა აშშ–ს ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობის განთავსების თხოვნით მიმართავს
09/02/2022 19:22:40 მსოფლიო
რეგიონში დაძაბული ვითარების ფონზე ლიეტუვა აშშ–ს ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივი სამხედრო წარმოდგენილობის განთავსების თხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გააკეთა.
"ცხადია, შეერთებულ შტატებს დაველაპარაკებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს აშშ-ის ძალების მუდმივი წარმოდგენილობა ლიეტუვაში. ეს იქნება საუკეთესო გზა იმ უსაფრთხოების და შეკავების გასაძლიერებლად, რომლის უზრუნველყოფაც ნატო–ს შეუძლია არა მხოლოდ ლიეტუვაში, არამედ მთლიანად რეგიონში", - განაცხადა ნაუსედამ.
აშშ 2019 წლიდან მიმართავს 500-მდე სამხედროსგან შემდგარი საბრძოლო დანაყოფების რეგულარულ როტაციას ლიეტუვაში, რომელიც საზღვარს იყოფს რუსეთის კალინინგრადის ექსკლავთან.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


