შვედეთმა პანდემია დასრულებულად გამოაცხადა
09/02/2022 18:51:23 მსოფლიო
მიუხედავად მეცნიერების მოწოდებისა, მეტი მოთმინება გამოეჩინა შვედეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქვეყნის მთავრობამ პანდემია დასრულებულად ოფიციალურად გამოაცხადა. მთავრობაში აცხადებენ, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები და ნაკლებად მძიმე შტამი "ომიკრონი" დაავადების მძიმე შემთხვევებსა და სიკვდილიანობას ამცირებენ.
ხვალიდან ქვეყანაში გაუქმდება პანდემიის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა და კორონავირუსზე ტესტირების უმეტესობა შეჩერდება. ბარები და რესტორნები ღამის 11 საათის შემდეგაც იმუშავებენ სტუმრების რაოდენობის შეზღუდვის გარეშე. ამასთან, უქმდება დიდი დახურული დარბაზებისთვის დამსწრეთა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა. გარდა ამისა, ხვალიდან ქვეყანაში აღარ იმოქმედებს ე.წ. მწვანე ბარათი, რომელსაც ვაქცინირებული პირები ფლობდნენ.
"მე ვიტყოდი, რომ ეს პანდემია დასრულდა”, - განუცხადა გამოცემა "Dagens Nyheter"-ს ჯანდაცვის მინისტრმა ლენა ჰალენგრენმა.
მისი თქმით, "კოვიდ–19" საზოგადოებისთვის როგორც საფრთხე, აღარ იქნება კლასიფიცირებული".
დასავლური მედიის ცნობით, შვედეთში პანდემიის გამო ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლა კვლავ მაღალია. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსმა 114 ადამიანი იმსხვერპლა. იმის გამო, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ქვეყანაში უფასო ტესტირება შემცირდა და ხვალიდან კი თითქმის შეჩერდება, შვედეთში კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელზე რეალური ინფორმაცია აღარავის ექნება.
ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე შვედეთში კორონავირუსით 16 182 ადამიანი გარდაიცვალა. ერთ სულ მოსახლეზე დაღუპულთა მაჩვენებელი შვედეთში გაცილებით მაღალია, ვიდრე სკანდინავიურ მეზობელ ქვეყნებში, თუმცა უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში.


