
თბილისი – სოხუმის მიერ გაერო-ში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მოთხოვნაზე: "საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას"
09/02/2022 18:17:35 კონფლიქტები
ოფიციალური თბილისის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას.
"საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში. საერთაშორისო თანამეგიბრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას. საოკუპაციო რეჟიმების სხვა დროსაც, არა ერთხელ ჰქონიათ მცდელობა “დამოუკიდებელი” სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით მსგავსი პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი კრახით სრულდება", – განუცხადა "აქცენტს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა.
ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა გაერო-ს, სოხუმს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭოს, რომელიც ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის უფლებას იძლევა.
დე ფაქტო უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, "მინისტრმა" ინალ არძინბამ გაერო-ს გენერალური მდივნის სახელზე შესაბამისი მიმართვა "გაერო-ს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტს, გაერო-ს მხარდაჭერის რუსული ასოციაციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ალექსეი ბორისოვს გადასცა.
«მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერო-ს წესდების თანახმად, ორგანიზაციის ერთ-ერთ საკვანძო ამოცანას დიდი და მცირე ერების თანასწორობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. "ჩვენ გვსურს, მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის ხმა. ჩვენ თავად უნდა ვყვებოდეთ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ" - განმარტა ინალ არძინბამ», – ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე ინფორმაციით, ბორისოვთან შეხვედრაზე მხარეები გაზაფხულზე ოკუპირებულ აფხაზეთში გაერო-ს მდგრადი განვითარების ფორუმის ჩატარებაზე შეთანხზმდნენ.