კვლევა – ევროპელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ რუსული აგრესიის შემთხვევაში ნატო–მ და ევროკავშირმა უკრაინას უნდა დაუჭირონ მხარი
09/02/2022 13:27:14 მსოფლიო
საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ევროპაში გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება და ასეთ შემთხვევაში ნატო–მ და ევროკავშირმა კიევს უნდა დაუჭირონ მხარი.
ECFR–მა გამოკითხვები ევროპის 7 დიდ ქვეყანაში ჩაატარა, რომელთა ჯამური მოსახლეობა ევროკავშირის სრული მოსახლეობის 2/3-ს ქმნის.
“მიღებული მონაცემების მიხედვით, ევროპაში გეოპოლიტიკური გამოღვიძების მსგავსი მოვლენის ნიშნებია. ევროკავშირის სახელმწიფოები დაყოფილ, სუსტ და უკრაინაში მიმდინარე ამბებისგან გამოთიშულად წარმოედგინათ, თუმცა ევროპის მოქალაქეები ერთიანები არიან: ისინი თანხმდებიან, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა სამხედრო მოქმედებები განახორციელოს და რომ ევროპა, ნატო-ს პარტნიორებთან ერთად უკრაინის დასახმარებლად უნდა გაერთიანდეს“, - აცხადებს საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს დირექტორი მარკ ლეონარდი.
გამოკითხვა იანვრის ბოლოს ჩატარდა და 7 სახელმწიფოდან 6-ში მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის განმავლობაში შეიჭრება. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ტერიტორიულად ევროპის აღმოსავლეთ საზღვართან უფრო ახლოს არიან, უფრო მეტად სჯეროდათ უკრაინაში შეჭრის საფრთხე უფრო რეალურად წარმოუდგენიათ.
საფრანგეთსა და იტალიაში გამოკითხულთა 51%-ს, გერმანიაში 52%-ს, შვედეთში 55%-ს, რუმინეთში 64%-ს და პოლონეთში 73%-ს სჯერა, რომ დიდი ალბათობით, რუსეთი წელს უკრაინაში შეიჭრება. მეშვიდე ქვეყანა ფინეთია, სადაც გამოკითხულთა 44% ეთანხმება ამ განცხადებას.
შვიდივე ქვეყნის რესპონდენტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ნატო უკრაინის სუვერენულობის მთავარი დამცველია, თუმცა მათ ასევე მიაჩნიათ, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში უკრაინის დაცვაში ევროკავშირის პასუხისმგებლობაც დიდია.
ამავე კვლევამ ცხადყო, რომ ევროპელები მზად არიან, რომ უკრაინის დაცვის შემთხვევაში მძიმე, პოტენციურად ხანგრძლივი და მრავალმხრივი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. რესპონდენტთა ნაწილი აცხადებს, რომ მათ შორის დიდი რაოდენობით ლტოლვილთა მიღებისთვის, ენერგორესურსებზე მაღალი გადასახადებისთვის, ეკონომიკური იძულებისთვის, კიბერშეტევებისა და რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხისთვის მზადაა.
„პუტინს შესაძლოა გაუკვირდეს, რომ ბევრი ევროპელი უკრაინაში რუსეთის მორიგ შეჭრას მხოლოდ მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმად კი არა ევროპის უსაფრთხოებაზე შეტევად აღიქვამს. როგორ გაუმკლავდებიან ევროპელები მომდევნო რამდენიმე კვირას, გადამწყვეტი იქნება ევროპის მომავალი უსაფრთხოებისთვის", - აცხადებენ კვლევის ავტორები.


