Accentnews.ge
სტოლტენბერგი: უკრაინაში რუსეთის ახალი შეჭრის რისკი იზრდება

სტოლტენბერგი: უკრაინაში რუსეთის ახალი შეჭრის რისკი იზრდება

08/02/2022 18:57:50 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის ახალი შეჭრის რისკი იზრდება, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-ის ეთერში.

"ვითარება ამ დრომდე გაურკვეველია, მაგრამ რასაც ვხედავთ, არის სამხედრო წარმოდგენილობის განგრძობადი ზრდა, სულ უფრო მეტი ძალის მობილიზება, მრავალი სამხედრო ჰოსპიტალი და ლოჯისტიკა. ამდენად, პრევენციისთვის დრო მცირდება, შეტევის რისკი კი - პირიქით. ჩვენ ასევე გვესმის რუსეთის მუქარის რიტორიკა, რომ თუ მის მოთხოვნებს არ დავაკმაყოფილებთ, მოხდება ის, რასაც მოსკოვი სამხედრო-ტექნიკურ შედეგებს უწოდებს. და ჩვენ უკვე გაგვაჩნია რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ ძალის გამოყენების ისტორია. ეჭვგარეშეა, რომ აგრესორი სწორედ რუსეთია, რომელმაც ყირიმის ანექსია განახორციელა და დონბასის ნაწილს აკონტროლებს. უკრაინა კი არის აგრესორის მსხვერპლი და თავდაცვის სრული უფლება აქვს, ამიტომაც მოკავშირეები კიევს დახმარებას უწევენ", - აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა.

დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ, ეთანხმება თუ არა ნატო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეფასებას, რომ მან მოახერხა პუტინის დარწმუნება, ესკალაციაზე უარი თქვას, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ "ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რეალურად სურს თუ არა რუსეთს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა".

"ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მზად ვართ რუსეთის შეშფოთების მიზეზების მოსასმენად", – დასძინა მან.

ცნობისთვის: საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, კრემლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დარწმუნდა, რომ კონფლიქტის ესკალაცია არ იქნება.

„ჩემი მიზანი იყო თამაშის შეჩერება, ესკალაციის თავიდან აცილება და ახალი პერსპექტივების გახსნა. მივიჩნევ, რომ ჩემს მიზანს მივაღწიე“, – განაცხადა მაკრონმა კიევის აეროპორტში ჟურნალისტებთან სუბრისას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ დიდი რაოდენობის სამხედრო ძალის მობილიზების ფონზე კრემლმა ნატო–ს ულტმატუმი წაუყენა, მათ შორის აღმოსავლეთით არგაფართოების თაობაზე. პასუხად დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს პარტნიორი ქვეყნები და ალიანსები, ხოლო რუსეთის მცდელობა, დაუბრუნდეს ცივი ომის პერიოდის გავლენის სფეროებს, მიუღებელია. მოგვიანებით პუტინმა განაცხადა, რომ ნატო–ს და აშშ–ის საპასუხო წერილებში კრემლის მთავარი მოთხოვნები იგნორირებული იყო, საუბრობენ რა სხვა ქვეყნების უფლებებზე, გახდნენ ნატო–ს წევრები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S