
DRI ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვს მუდმივმოქმედი "ცხელი ხაზის" შექმნის წინადადებით მიმართავს
08/02/2022 12:33:21 კონფლიქტები
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ (DRI) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი მუდმივმოქმედი "ცხელი ხაზის" შექმნის ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას DRI ავრცელებს.
"DRI წლებია, დევნილთა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობას იკვლევს. საქმიანობისას გამოიკვეთა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან დაკავშირება განსაკუთრებით რთულია. პანდემიის პირობებში ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა და მოსახლეობა ფაქტობრივად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე დარჩა. თბილისთან კომუნიკაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონისა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივით მიმართა, შეიქმნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა, დევნილთა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სპეციალური მუდმივმოქმედი "ცხელი ხაზი". "ცხელი ხაზი" უნდა გახდეს სახელმწიფოს მხარდამჭერ პროგრამებზე/დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და სიცოცხლის, ჯანმრთელობის, სხვა ძირითადი უფლებების დაცვის ხელისშემწყობი დამატებითი საშუალება. ამასთანავე, არსებული მექანიზმის დანერგვისას, აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის ენობრივი საჭიროებების გათვალისწინება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.