მედია – პუტინმა მაკრონისთვის მიცემული პირობა შეხვედრიდან რამდენიმე საათში დაარღვია
08/02/2022 10:40:00 მსოფლიო
რუსეთის სამხრეთ ნაწილში ღამის ტაქტიკური წვრთნები დაიწყო, რომლებიც 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, – იუწყება Reuters.
ღამის ტაქტიკურ წვრთნები სარაკეტო სისტემების, ტანკებისა და ჯავშანმანქანების ჩართულობით გაიმართება.
როგორც Reuters აცხადებს, 7 თებერვალს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონს პირობა მისცა, რომ უკრაინის საზღვართან ამ ეტაპზე წვრთნებს არ გამართავდა, თუმცა კრემლის ლიდერმა დაპირება შეხვედრიდან რამდენიმე საათში დაარღვია.
არის თუ არა აღნიშნული წვრთნები რუსეთის მიერ უკვე გაცხადებული გეგმის ნაწილი უცნობია. მოსკოვმა 2021 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ 2022 წლის განმავლობაში სამხრეთ რაიონში 3000 სწავლებას ჩაატარებდა.
იხილეთ ასევე: რა თქვეს პუტინმა და მაკრონმა 6–საათიანი შეხვედრის შემდეგ
ცნობისთვის: დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.
უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


