ჯონსონი რუსეთს აფრთხილებს: "უკარაინასთან დაკავშირებით ბრიტანეთი არ გაჩუმდება, ჩვენი მხარდაჭერა ევროპისადმი უპირობო და ურყევია"
08/02/2022 09:19:07 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი აფრთხილებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომ კრემლის მიერ უკრაინაში შეჭრა ნატო–ს მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს.
"ბრიტანეთი არ გაჩუმდება. ჩვენი მხარდაჭერა ევროპისა და ნოტო–სადმი უპირობო და ურყევია", – განაცხადა ჯონსონმა.
მისი თქმით, ბრიტანეთი განიხილავს აღმოსავლეთ ევროპაში "Typhoon"–ის ტიპის მოიერეშე თვითმფრინავებისა და "სამეფო საზღვაო ძალების" ხომალდების განლაგების საკითხს.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი ემზადება ესტონეთში განლაგებული ნატო–ს ბატალიანის გასაძლიერებლად. აღნიშნულ ბატალიონს დიდი რიტანეთი ხელმძღვანელობს.
გარდა ამისა, ჯონსონის თქმით, თუ რუსეთი უკრანაში შეიჭრება, "ბრიტანეთი მოსკოვს სანქციებსა და სხვა ზომებს დაუწესებს".
მანამდე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ, ქვეყანა უკრაინის საზღვარზე რუსეთის მოქმედების გამო პოლონეთში მხარდაჭერის ნიშნად დამატებით 350 სამხედროს გაგზავნის.
მიმდინარე წლის იანვარში ბრიტანეთმა უკრაინას გაუგზავნა მცირე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო 2000 რაკეტა და ბრიტანელი სპეციალისტები წვრთნების ჩასატარებლად. გარდა ამისა, მან კიევს Saxon–ის ტიპის ჯავშანტექნიკა მიაწოდა.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


