
ომბუდსმენი: "მასწავლებელმა ორსულობის გამო შვებულება ითხოვა, სკოლამ აცნობა, აღარ მისულიყო"
08/02/2022 08:11:27 საზოგადოება
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კერძო სკოლა "აიბი მთიებში" მასწავლებლის მიმართ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.
როგორც ომბუდსმენი განმარტავს, ისტორიის მასწავლებელმა ორსულობის შესახებ დირექტორს შეატყობინა და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით დროებით სარგებლობა ითხოვა, რამდენიმე დღეში კი აცნობეს, რომ სამსახურში აღარ გამოცხადებულიყო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად განმცხადებელს მისი სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა მშობლების უკმაყოფილება დაუსახელეს.
სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა იმ მომენტიდან, როდესაც განმცხადებელმა, სკოლის წარმომადგენლის მითითებისამებრ, შეწყვიტა გაკვეთილების ჩატარების მიზნით სკოლაში გამოცხადება; ხოლო, შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც მასწავლებელმა საკითხის შესწავლის შესახებ განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს.
"ჩნდება ეჭვი, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა დროებით შეჩერების გადაწყვეტილებად დისკრიმინაციული მოპყრობის შენიღბვასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობას ემსახურება. ამასთან, ორსულ ქალთა დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების მომეტებული რისკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საეჭვოდ მიიჩნია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროში თანხვედრა განმცხადებლის ორსულობის ფაქტთან", - აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში აღნიშნა, რომ შპს აიბი მთიების მიერ, შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განმცხადებლის ორსულობით იყო განპირობებული და მოპასუხეს მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ორსულობის თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან.