"ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებას"
08/02/2022 05:10:19 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო–ს გაფართოებას. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან თითქმის 6-საათიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"რუსეთის საზღვრებთან ალიანსის შემდგომი გავრცელება ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ არ ვმოძრაობთ ნატო–სკენ, ნატო მოძრაობს ჩვენკენ, ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთი აგრესიულია, სულ მცირე, არ შეესაბამება საღ აზრს“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები იმას ეყრდნობიან, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება თავისუფლად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების გზა და ნებისმიერ სამხედრო ალიანსში გაწევრიანდეს, რაზეც რუსეთი არასდროს დავობდა, თუმცა თავად ალიანსის წევრებს არ აქვთ ვალდებულება მიიღონ ყველა, ვისაც ეს მოუნდება.
"ნატო–ს „ღია კარის“ პოლიტიკა მხოლოდ აშშ-ს და ნატო–ს სხვა ცალკეულ წევრებს სჭირდებათ ევროპულ დოკუმენტებში დაფიქსირებული დებულებების - თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების ფუძემდებლური პრინციპის ინტერპრეტაციისთვის. ეს პრინციპი მოიცავს ვალდებულებას, რომ საკუთარი უსაფრთხოება არ განამტკიცო სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარჯზე", – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ისევ გაიმეორა, რომ მოსკოვის მიერ აშშ-ისა და ნატო–სგან მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიებში სამი გადამწყვეტი პუნქტია - არ დაუშვან ნატო–ს შემდგომი გაფართოება, უარი თქვან რუსეთის საზღვრებთან შეიარაღების და დამრტყმელი სისტემების განთავსებაზე და ევროპაში ნატო–ს სამხედრო პოტენციალი და ინფრასტრუქტურა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას, როცა გაფორმდა რუსეთ-ნატოს ფუძემდებლური აქტი.
პუტინის თქმით, აშშ-მა და ნატო–მ ამ საკითხებს გვერდი აუარეს და რუსეთს შესთავაზეს მისთვის მეორეხარისხოვანი წინადადებები. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ნატო–სგან 26 იანვარს მიღებულ პასუხებში რუსეთის მთავარი შეშფოთება იგნორირებულია, მათთან დიალოგს დასრულებულად არ მიიჩნევს. როგორც პუტინმა აღნიშნა, მოამზადებენ პასუხს "იმ ქაღალდზე", რომელიც ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან მიიღეს.
დასავლეთის სახელმწიფოთა მცდელობები, აწარმოონ დიალოგი რუსეთთან, უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებს.
უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


