ბაიდენი: "აშშ და გერმანია ევროპაში რუსული აგრესიის შესაკავებლად სინქრონიზებულად მოქმედებენ"
07/02/2022 19:38:53 მსოფლიო
თეთრ სახლში აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეხვედრა დაიწყო.
ლიდერებს შორის განხილვის მთავარი საკითხი უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია.
"აშშ და გერმანია ევროპაში რუსული აგრესიის შესაკავებლად სინქრონიზებულად მოქმედებენ", – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს შოლცთან შეხვედრის დაწყებამდე.
ბაიდენის თქმით, "ორ ლიდერს ბევრ თემაზე აქვთ სალაპარაკო“:
"მოუთმენლად ელის შოლცთან მუშაობას ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევების გადასაჭრელად და დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობის ხელშეწყობისთვის. დღის წესრიგშია პანდემია, კლიმატის ცვლილება და მრავალი სხვა საკითხი".
თავის მხრივ, შოლცმა აღნიშნა, რომ "დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვან პერიოდში იმართება".
მისი თქმით, აშშ–ის ლიდერთან ბევრ საკითხს, მათ შორის "რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის თემას" განიხილავს.
ჟურნალისტების დამატებითი კითხვებისთვის პასუხი არც ერთ ლიდერს არ გაუცია.
ცნობისთვის: შოლცმა აშშ–ში გამგზავრებამდე უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მედიასთან ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას ლეტალურ იარაღს არ მიაწოდებს.
როგორც კანცლერმა აღნიშნა, "ქვეყანა თავის საქმეს აკეთებს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მხარდაჭერით".
გერმანული გამოცემა ARD–ს ჟურნალისტის კითხვაზე, "შეაჩერებს თუ არა გერმანიის მთავრობა მილსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება", შოლცმა განაცხადა, რომ "გამორიცხული არაფერია".
უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.


