
"ვთხოვეთ დიპლომატებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ თავიანთი მთავრობების ინფორმირება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ"
29/08/2019 14:37:33 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ კორპუსს სთხოვა, დაუყოვნებლივ მოახდინონ თავიანთი მთავრობების ინფორმირება სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ.
ამის შესახებ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა.
„მოგეხსენებათ დღეს ერგნეთში იმართებოდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა (IPRM) და ამ შეხვედრის განვითარებასთან დაკავშირებით მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. „აიპიარემის“ შეხვედრები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი ადგილზე ვითარების დეესკალაციისთვის და ზოგადად, პროცესი დღეს ჩაიშალა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ბოლოს შეხვედრის დატოვების გამო, რაც ცალსახად მიუღებელია. ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს ასევე გავაცანით ვითარება ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდებოდა საპოლიციო შესაბამისი საგუშაგოების გაძლიერება. ეს ცალსახად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, რაც ასევე დადასტურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია
ჩვენ ვთხოვეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ თავიანთი მთავრობების ინფორმირება, რათა იყოს შესაბამისი რეაგირება და შესაბამისი კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, რომ მოხდეს ვითარების დეესკალაცია და არ გაგრძელდეს პროვოკაციები, რაც ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ცნობისთვის: დღეს ოსურმა მხარემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა ჩაშალა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ცოტა ხნის წინ განუცხდა.
„შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზედაც განიხილებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული საკითხის განხილვისას, ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფუნქციონირებას, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იყო დაფიქსირებული, რომ IPRM არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი, ნებისმიერი საკითხი შესაძლებელია, განხილული იყოს დიალოგის გზით. ჩვენი შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული და მათ ჩაშალეს შეხვედრა“, – განაცხადა ანთაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერ გართულების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება.
„რაც შეეხება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მისი თქმით, ქართული პოლიციის საგუშაგო, რომლის აღებასაც ითხოვს ოსური მხარე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს და ადგილზე დარჩება.
„პოსტი არის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ამას წყვეტს ქართული სახლემწიფო, სად განალაგენს პოლიციის პოსტებს. ყველა სხვა პრეტენზია და უსაფუძვლო ბრალდება არის მიუღებელი“, – დასძინა მან.
შექმნილ მძივე ვითარებაში ანთაძე გამოსავალს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით დიალოგში ხედავს.
ერგნეთში შემდეგი შეხვედრა 2 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი და ანთაძე იმედს გამოთქვამს, რომ ეს შეხვედრა შედგება.
დღევანდელი შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს, როგორც ოსური, ისე რუსული დელეგაციის წევრებმა და ევროპელმა დიპლომატებმა.
იხილეთ ასევე:ცხინვალი "ახალი შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეზე" საუბრობს
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 29 აგვისტოსთვის ერგნეთში დაგეგმილ მორიგ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გაკეთდა განცხადებები “საზღვრისპირა ზონაში ქართული მხარის პროვოკაციული მოქმედების” შესახებ, რომელმაც “რეგიონში სტაბილურობა შეიძლება, დაარღვიოს”.
იხილეთ ასევე: ცხინვალი თბილისს “სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში” ადანაშაულებს და ახალი კონფლიქტის საფრთხეზე საუბრობს
გუშინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნება საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.
"აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე", - განუცხადეს "აქცენტს" უწყებაში.