
სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე საგარეო უწყება ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს აწვდის
29/08/2019 13:36:50 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
იტალიის, თურქეთის,ისრაელის,ლიეტუვის ელჩები და საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებიან.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
უწყება დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაციას მიაწვდის ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
როგორც ელჩებმა განაცხადეს, დახურულ კარს მიღმა საუბრის თემაზე კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხვდება.
ცნობისთვის: ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 29 აგვისტოსთვის ერგნეთში დაგეგმილ მორიგ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გაკეთდა განცხადებები “საზღვრისპირა ზონაში ქართული მხარის პროვოკაციული მოქმედების” შესახებ, რომელმაც “რეგიონში სტაბილურობა შეიძლება, დაარღვიოს”.
იხილეთ ასევე: ცხინვალი თბილისს “სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში” ადანაშაულებს და ახალი კონფლიქტის საფრთხეზე საუბრობს
გუშინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნება საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.
"აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე", - განუცხადეს "აქცენტს" უწყებაში.