
ივანე ჩხაიძე განმარტავს, რამდენპროცენტიანი დაცვის უნარი აქვთ ქირურგიულ და N95 ტიპის პირბადეებს „ომიკრონის“ შემთხვევაში
07/02/2022 09:39:14 საზოგადოება
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული პირბადე „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე, ე.წ. N95 ტიპის რესპირატორის დაცვის მაჩვენებელი კი 85%-მდეა.
მისი თქმით, რეინფიცირებისგან თავის დასაცავად უმჯობესია, გამოვიყენოთ „რესპირატორი“ ნიღაბი.
„ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე. ის ნიღაბი, რომელიც უფრო მაღალი დაცვის მქონე არის, ე.წ. რესპირატორი N95, იქ დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა. თუ ჩვენ ნიღაბს ვატარებთ და გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია, რომ გამოვიყენოთ ეს ნიღაბი, „რესპირატორი“. შეგიძლიათ, ეს ნიღაბი გამოიყენოთ უფრო ხანგრძლივად, 2-3 დღეც კი შესაძლებელია“, - განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეს-კლუბში პრეს-კონფერენციაზე.
როგორც მან აღნიშნა, დღეისთვის, „ომიკრონი“ განიხილება, როგორც ყველა მუტაციას შორის, ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი. მისი გავრცელების ერთ-ერთი დამახასიათებელი, სწორედ რეინფიცირებაა.
მისი თქმით, სავარაუდო რეინფიცირების რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 10 997–ია.