
"პირბადის ტარება, სულ მცირე, კიდევ ერთი წელიწადი მოგვიწევს"
07/02/2022 09:07:14 საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, „ომიკრონის" შტამი პანდემიის დასრულების წერტილს არ წარმოადგენს და მოსახლეობამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს.
მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანა "ომიკრონის" გავრცელების პიკზე იმყოფება და 10-14 დღის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შემცირებას დაიწყებს.
„ომიკრონი" არ არის პანდემიის სრული დასასრულის წერტილი. არ მიიღოს მოსახლეობამ ისე, რომ თითქოს ჩვენ რამე ახალს ველოდებით, ან გართულებებზე ვსაუბრობ. ყველა ვირუსი, რომელიც მთელ დედამიწაზე დღევანდელ დღემდე, მრავალი საუკუნის განმავლობაში გავიარეთ, ჩვენს ორგანიზმში არსებობს და ჩვენ მასთან ერთად ვცხოვრობთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსებთან ერთად ცხოვრება. პანდემიის პირობებში სამედიცინო ნიღბის ტარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნიღბის ტარება ჩვენ მინიმუმ, 1 წელი მაინც მოგვიწევს იმიტომ, რომ რეალურად ნიღაბი და სოციალური დისტანცია არის ასეთი ტიპის ვირუსების ერთ-ერთი გადარჩენის გზა, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს", - აღნიშნა დევი ტაბიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეს–კლუბში პრეს–კონფერენციაზე.