Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი: "რუსეთს კიევის აღებისთვის საკმარისი ჯარი უკვე ადგილზე ჰყავს"

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი: "რუსეთს კიევის აღებისთვის საკმარისი ჯარი უკვე ადგილზე ჰყავს"

07/02/2022 08:32:22 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრეი ზაგოროდნიუკი რუსეთ–უკრაინის საზღვართან რუსული ძალების თავმოყრის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ მოსკოვს კიევის აღებისთვის საჭირო ჯარი უკვე ადგილზე ჰყავს. თუმცა მისი თქმით, ამჟამად ადგილზე არსებული რუსული ძალები ქვეყნის სრული ოკუპაციისთვის საკმარისი არ არის.

"რა თქმა უნდა, ვითარება არის საკმაოდ მძიმე. რუსეთს ახლა შეუძლია, აიღოს უკრაინის ნებისმიერი ქალაქი, მათ შორის – კიევი. თუმცა ჩვენ ჯერ–ჯერობით ვერ ვხედავთ რუსული ძალების იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის“, - განაცხადა ზაგოროდნიუკმა.

მანამდე აშშ-ის მთავრობაში განაცხადეს, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებთან საბრძოლო ძალის 70% ჰყავს მობილიზებული.

გუშინ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეჭრა შეიძლება, ნებისმიერ დროს მოხდეს.

”ეს შეიძლება ხვალ მოხდეს, ან შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს”, - განუცხადა მან NBC-ს.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კვლავ დიპლომატიის გზას აგრძელებს:

„პრეზიდენტმა ბაიდენმა გააძლიერა და დაარწმუნა ჩვენი პარტნიორები აღმოსავლეთ ფლანგზე. მან მატერიალური დახმარება გაუწია უკრაინელებს და შესთავაზა რუსებს დიპლომატიური გზა, თუ ისინი ამას აირჩევენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მოკავშირეები მზად არიან“.

ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S