გერმანიის კანცლერი – "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–ის პროექტის შესაძლო გაჩერებაზე: "გამორიცხული არაფერია"
07/02/2022 06:34:45 მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ–ში გამგზავრებამდე უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მედიასთან ისაუბრა.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას ლეტალურ იარაღს არ მიაწოდებს.
როგორც კანცლერმა აღნიშნა, "ქვეყანა თავის საქმეს აკეთებს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მხარდაჭერით".
გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან უკრაინაში იარაღის გაგზავნას, "რადგან შიშობენ, რომ იარაღის მიწოდება დაძაბულობას გაზრდის და მოლაპარაკებებს გაართულებს".
მანამდე შოლცმა აღნიშნა, რომ 6 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო ჰოსპიტალის თანადამფინანსებელი იქნება. ამასთან, უკრაინას სთავაზობს დაჭრილი სამხედროების გერმანიაში მკურნალობას და აცხადებს, რომ კიევს 5000 ჩაფხუტს გაუგზავნის.
გერმანული გამოცემა ARD–ს ჟურნალისტის კითხვაზე, "შეაჩერებს თუ არა გერმანიის მთავრობა მილსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება", შოლცმა განაცხადა, რომ "გამორიცხული არაფერია".
გერმანია არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი რუსული პროექტის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მხარდაჭერის გამო.
4 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს რიგებს შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაცია „გაზპრომმა" გაავრცელა.
მისი ცნობით, დირექტორთა საბჭოს ახალ კანდიდატებს დაამტკიცებენ კომპანიის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება.
2017 წლის სექტემბერში შრიოდერი რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
„როსნეფტი“ იმ კომპანიების სიაშია, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. ამასთან, შრიოდერი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის აქციონერთა კომიტეტს ხელმძღვანელობს. ამ პროექტის აქციების უმეტესობის მფლობელი „გაზპრომია“.


