"როგორი შეიძლება, იყოს მე–3 მსოფლიო ომი? ამაზე ფიქრიც არ მინდა, გვჭირდება დიპლომატიური შეტევა"
06/02/2022 15:02:21 მსოფლიო
სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებული ჰუვერის ინსტიტუტის ანალიტიკოსი სტივენ კოტკინი მიიჩნევს, რომ რუსეთ–უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას.
"ომის დღევანდელი გაგება სხვაგვარია. ომი არ იქნება მხოლოდ არტილერიის გამოყენებით და ის არ იქნება მხოლოდ საბრძოლო ველზე. ახალი ომი იქნება მიმართული იმისკენ, რომ ძირი გამოუთხაროს სხვა საზოგადოების უნარს, იფუნქციონიროს. იყო საჭირო ომებიც, მაგრამ ყველა ომი ტრაგედიაა. მეორე მსოფლიო ომმა დააახლოებით 55 მილიონი ადამიანი შეიწირა, მათ შორის რიგითი მოქალაქეები და ჯარისკაცები. როგორი შეიძლება, იყოს მესამე მსოფლიო ომი? ამაზე ფიქრიც არ მინდა. შესაბამისად, გვჭირდება დიპლომატიური შეტევა. გვჭირდება ჯორჯ შულცისნაირი სახელმწიფო მოხელე".
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სურს, მისი მოთხოვნები უკრაინაში ბრძოლის გარეშე შესრულდეს.
"ამბობენ, საუკეთესო ომი ისეთი ომია, რომელსაც ბრძოლის გარეშე მოიგებო. ეს არის ის, რაც ჰიტლერმა გააკეთა მიუნხენში. ჰიტლერისგან განსხვავებით, პუტინს სურს, მისი მოთხოვნები უკრაინაში ბრძოლის გარეშე შესრულდეს. ფაქტია, რომ რუსული საზოგადოებრივი აზრი მხარს არ უჭერს უკრაინაში შეჭრას, არც უკრაინული საზოგადოებრივი აზრი არის რუსული ანექსიის მომხრე. შესაბამისად, პუტინს სჭირდება ჩვენ დათმობებზე წაგვიყვანოს. იგი უკრაინაში მყისიერ შეჭრას არ განახორციელებს, იგი გააძლიერებს ზეწოლას მანამდე, სანამ არ მიიღებს ჩვენგან დათმობებს. მოდი, განვიხილოთ მაგალითები, რა შეუძლია, მან გააკეთოს. მე არ მაქვს წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე, რასაც ვიტყვი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი აზრია. ვიცით, რომ კიევში არსებობს მთავრობა და რა მოხდება თუ ეს მთავრობა უმოქმედო გახდება? მაგალითად, როგორღაც უცებ მოიწამლება წყალი ან ჰაერი და მთავრობას მოუწევს ევაკუირება ლტოლვილებთან ერთად ლვოვში, დასავლეთ უკრაინაში და იქ შექმნის დროებით მთავრობას? პუტინი უარყოფს რაიმე კავშირს ან წყლის ან ჰაერის მოწამვლასთან. რა მოხდება უცებ რომ იყოს არეულობა ხარკოვში და ხარკოვმა გამოაცხადოს თავი პრორუსულ უკრაინულ რეჟიმად? ხარკოვი უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. შესაბამისად, მივიღებთ უმოქმედო მთავრობას კიევში, დროებით მთავრობას – ლვოვში და პრორუსულ უკრაინულ რეჟიმს – ხარკოვში. ანუ, უკრაინა დაშლილი იქნება შეჭრის გარეშე", – განაცხადა კოტკინმა.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.


