გერმანიის ყოფილი კანცლერი „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს რიგებს შეუერთდება
04/02/2022 16:34:25 მსოფლიო
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს რიგებს შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაცია „გაზპრომმა" გაავრცელა.
მისი ცნობით, დირექტორთა საბჭოს ახალ კანდიდატებს დაამტკიცებენ კომპანიის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება.
2017 წლის სექტემბერში შრიოდერი რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
„როსნეფტი“ იმ კომპანიების სიაშია, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. ამასთან, შრიოდერი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის აქციონერთა კომიტეტს ხელმძღვანელობს. ამ პროექტის აქციების უმეტესობის მფლობელი „გაზპრომია“.
შრიოდერი არ არის ერთადერთი ყოფილი ევროპელი მაღალჩინოსანი, რომელიც რუსული კომპანიების დირექტორთა საბჭოს რიგებშია.
გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი რუსეთის "ნავთობის, გაზის და ქიმიის" უმსხვილესი ინტეგრირებული კომპანია „სიბურის", დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.
2021 წლის ივლისიდან ფრანსუა ფიიონი კიდევ ერთი რუსული კომპანიის - „ზარუბეჟნეფტის" დირექტორთა საბჭოს წევრია.


