1 დეკემბრიდან სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს
04/02/2022 16:00:10 მსოფლიო
ნატო–ს მოქმედი გენერალური მდივანი, ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგი, რომელსაც 30 სექტემბერს ეწურება ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობის ვადა, ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მომდევნო თავმჯდომარედ დაინიშნა. ამის შესახებ Norges Bank-ს ამჟამინდელმა მმართველმა აუსტინ ოლსენმა განაცხადა.
„Norges Bank"–ს სახელით მსურს, მივულოცო იენს სტოლტენბერგს ბანკის ხელმძღვანელად დანიშვნა. მე ვიცნობ ბატონ სტოლტენბერგს, როგორც კომპეტენტურ ეკონომისტს. დარწმუნებული ვარ, რომ იგი წარმატებით გაართმევს თავს ამ როლს“, - განაცხადა ოლსენმა და დასძინა, რომ იენს სტოლტენბერგი თანამდებობას დაიკავებს არაუადრეს მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან, როდესაც ოფიციალურად ამოიწურება ნატო–ს გენერალური მდივნის პოსტზე მისი მუშაობის ვადა.
ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი ნატო–ს გენერალური მდივანი 2014 წლიდან არის. ნორვეგიის ცენტრალურ ბანკში სტოლტენბერგი პასუხისმგებელი იქნება პროცენტული განაკვეთების დადგენასა და ფინანსური სტაბილურობის მართვაზე, ასევე მან ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ნორვეგიის "ეროვნული კეთილდღეობის ფონდს", რომელიც მსოფლიოში უმახვილეს – 1,4 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის აქტივებს განკარგავს.
ვინ იქნება ნატო–ს მომავალი გენმდივანი ჯერ–ჯერობით უცნობია. ახალი გენერალური მდივნის არჩევა სავარაუდოდ, ალიანსის 2022 წლის ივნისში დაგეგმილ სამიტზე მოხდება.


