დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე პუტინი ჩინეთს დამატებით 10 მლრდ კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდებას დაჰპირდა
04/02/2022 12:08:11 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთს დამატებით 10 მლრდ კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდებას დაჰპირდა.
"რუსულმა მხარემ უკვე მოამზადა ახალი კონტრაქტი, რომლის თანახმად, ჩინეთს წელიწადში დამატებით 10 მლრდ კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირს მივაწვდით", – განაცხადა პუტინმა, რომელიც პეკინს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად ეწვია.
მანამდე არსებული გეგმის თანახმად, რუსეთი ჩინეთისთვის 38 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას 2025 წლისთვის აპირებდა. თუმცა ცოტა ხნის წინ რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომში" განაცხადეს, რომ მოსკოვი გეგმავს გაზარდოს გაზის ექსპორტი ჩინეთში 48 მლრდ კუბურ მეტრამდე წელიწადში. როდისთვის აპირებს აღნიშნულის განხორციელებას რუსეთი უცნობია.
როგორც დასავლური მედია იუწყება, რუსეთი, რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებელია, ენერგიის ყველაზე დიდ მომხმარებელ სახელმწიფოსთან – ჩინეთთან აღრმავებს ურთიერთობებს. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როცა რუსეთს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.
დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან, რომ უკრაინასთან კონფლიქტის შემთხვევაში შესაძლოა, ევროპის ქვეყნებში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდეს. პეკინთან ახალი შეთანხმება, რომელზეც დღეს პუტინმა ისაუბრა, არ მისცემს საშუალებას მოსკოვს ბუნებრივი აირი ევროპისკენ გადაამისამართოს, რადგან ჩინეთს ბუნებრივი აირი სახალინიდან მიეწოდება, ეს მარშრუტი კი რუსეთის ევროპული მილსადენების ქსელთან დაკავშირებული არ არის.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.


