მინსკი კიევს "ჯაშუშური" უპილოტოს მიერ საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს, კიევი ბრალდებას უარყოფს
03/02/2022 09:45:43 მსოფლიო
ბელარუსმა უკრაინა "ჯაშუშური" უპილოტო საფრენი აპარატის მიერ მისი საჰაერო საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩი დაიბარა.
მინსკის მტკიცებით, ინციდენტი 24 იანვარს მოხდა. "სპეციალისტებმა აიძულეს მფრინავს, უპილოტო საფრენი აპარატი დაეშვა. ბორტაპარატურის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ იგი უკრაინის ტერიტორიიდან იყო აფრენილი ბრესტის სამხედრო პოლიგონის თავზე არალეგალური სადაზვერვო ოპერაციის ჩასატარებლად", - ირწმუნებიან მინსკში.
საგარეო უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით სამინისტროში ელჩი იგორ კიზიმი იყო დაბარებული, რომელსაც განუცხადეს, რომ "ამ არამეგობრული ნაბიჯით უკრაინა გამიზნულად პროვოცირებს რეგიონში ვითარების ესკალაციას, რაც ხელს არ უწყობს ცივილიზებულ ორმხრივ დიალოგს".
"ბელარუსის მხარე მოითხოვს, სამომავლოდ კიევმა მსგავსი დესტრუქციული ქმედებები აღარ დაუშვას" - აცხადებენ მინსკში.
თავის მხრივ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ ფაქტი უარყო და მინსკის განცხადებებს "მორიგი პროვოკაცია" უწოდა.
"მითიური "ტონობით იარაღი" ამჯერად "უპილოტოთი" ჩაანაცვლეს. უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატი არ გამოუყენებია. მოვუწოდებთ მინსკს, ნუ უბამს მხარს რუსეთს მის მადესტაბილიზებელ საქმიანობაში. სიმშვიდე უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე მთელი რეგიონის ინტერესებშია", - აღნიშნა მან.


