Accentnews.ge
აშშ და NATO რუსეთს მოთხოვნების საპასუხო წერილში საქართველოდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებენ

აშშ და NATO რუსეთს მოთხოვნების საპასუხო წერილში საქართველოდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებენ

03/02/2022 08:08:11 პოლიტიკა, მსოფლიო

აშშ და NATO რუსეთს უსაფრთხოების მოთხოვნების საპასუხო წერილში საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებენ. აშშ-ს მიერ კრემლში გაგზავნილი პასუხი ესპანური გაზეთმა – El Pais-მა გამოაქვეყნა.

"რუსეთის მიერ საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან ამ ქვეყნების ნების წინააღმდეგ მყოფი ძალების სრულად გაყვანა", – წერია ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებისთვის საჭირო შეთავაზებებს შორის.

ეს პუნქტი პასუხობს რუსეთის "უსაფრთხოების გარანტიების" მოთხოვნებიდან ერთ-ერთს, რომელიც NATO-სგან გარკვეულ რეგიონებში სამხედრო საქმიანობაზე უარის თქმას მოითხოვდა.

გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, აშშ და NATO უარს ამბობენ უსაფრთხოების გარანტიებთან რუსეთის შემოთავაზებულ ხელშეკრულებაზე და ასევე არ აპირებენ უარი თქვან ღია კარის პოლიტიკაზე. სანაცვლოდ, ვაშინგტონი და NATO რუსეთს სთავაზობენ შეიარაღების შეზღუდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებებს, სამხედრო წვრთნების მეტი გამჭვირვალობით ჩატარებასა და დიალოგის გაგრძელებას სხვადასხვა ორგანიზაციების ფორმატით.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს.

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S