Accentnews.ge
გალის რეზერვაცია – “თამაში ქართული წესებით”?

გალის რეზერვაცია – “თამაში ქართული წესებით”?

02/02/2022 20:06:02 კონფლიქტები

აფხაზეთში კვლავ გააქტიურდა საუბრები “საქართველოს მოსაზღვრე გალის რაიონის მოსახლეობის ინტეგრაციის” პრობლემაზე. ამჯერად საკითხი ახლახანს ჩამოყალიბებული “აფხაზეთის სახალხო კონგრესის” დამფუძნებელ ყრილობაზე წამოსწიეს.

მოკლე პრედისტორია: გალელების ყოფა არც მანამდე იყო საამური, მაგრამ 2013-მა წელმა ადგილობრივთა უფლებებს დამანგრეველი დარტყმა მიაყენა. იმჟამინდელმა ოპოზიციამ რაულ ხაჯიმბას თაოსნობით განაცხადა, რომ რაიონის უმთავრესად ქართული მოსახლეობის “მასობრივი პასპორტიზაცია აფხაზეთის სუვერენიტეტის დაკარგვის რისკს შეიცავდა» და “ხორციელდებოდა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საზიანოდ». მისი ინიციატივით საკითხის “საგნობრივი განხილვის” შემდეგ აფხაზურმა “პარლამენტმა” მაშინ პასპორტიზაცია “უკანონოდ” სცნო და თავისი დადგენილებით რაიონის ყველა მცხოვრებს აფხაზური “პასპორტები” “მოქალაქეობასთან” ერთად გაუუქმა. “მოქალაქეთა” რაოდენობა ერთბაშად 46 ათასით შემცირდა. “პასპორტების” ნაცვლად ადგილობრივთათვის “ბინადრობის მოწმობების” გაცემა დაიწყეს, რითაც ყველაფერთან ერთად, ქონების ფლობისა და საარჩევნო ხმის უფლებებიც წაართვეს და გალის რაიონი აფხაზეთის “სახელმწიფოს” შიგნით ერთგვარ რეზერვაციად გადააქციეს. აღსანიშნავია, რომ პასპორტიზაციის თემა ერთ-ერთ უმთავრესად იქცა პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომლის შედეგადაც 2014 წელს ალექსანდრე ანქვაბმა აფხაზეთი დატოვა და მის ნაცვლად რაულ ხაჯიმბა “გაპრეზიდენტდა”.

შემდგომ წლებში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. “ბინადრობის მოწმობის” მიღების პროცედურა გალელებისგან ათობით ათასი რუბლის გამოძალვაში გადაიზარდა და ეს თანხები, როგორც წესი, ილექებოდა ადგილობრივი ჩინოსნების ჯიბეებში – ისეთების, როგორიცაა, მაგალითად, ამჟამინდელი ოპოზიცინიოერი, ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაას” წევრი, გალის რაიონის ყოფილი დე ფაქტო მმართველი თემურ ნადარაია.

როგორც ყრილობაზე შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას ”კონგრესის” თავმჯდომარედ არჩეულმა დავით ფილიამ განაცხადა, “სამურზაყანო [გალის რაიონი – რედ.] გადაქცეულია ინკუბატორად ახალგაზრდებისთვის, რომელთაც აფხაზეთი შემდგომ საქართველოს უთმობს». ამ სიტყვების დასტურად მან სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა, რომლის მიხედვით, გასულ 2021 წელს გალის რაიონში სკოლადამთავრებული 275 მოსწავლიდან აფხაზეთში მხოლოდ 17 დარჩა. «აფხაზეთის ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვი – ეს ჩვენი ბავშვია და მას არავის უნდა ვუთმობდეთ. ეს ჩვენი პოტენციალია, ჩვენი მომავალი, ხელისუფლება კი წლიდან წლამდე დევნის ასობით ახალგაზრდას საქართველოში, რომელთანაც სამშვიდობო შეთანხმებაც კი არ გვაქვს დადებული. ამ გზით თავად ვზრდით “მეხუთე კოლონას”, საკუთარი ხელით ვაყალიბებთ მოწინააღმდეგეებს. გალელი ბავშვები ხომ საქართველოში არა მარტო სამოქალაქო, არამედ სამხედრო სასწავლებლებშიც აბარებენ, საქარველო კი ნატო-ში ისწრაფვის” – განაცხადა ფილიამ და იქვე დასძინა, რომ “მსგავსი პოლიტიკა – ეს საქართველოს წესებით თამაშია”. “კონგრესის” თავმჯდომარის აზრით, 2013–2014 წლებში რაიონის მოსახლეობას აფხაზური მოქალაქეობა “მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურის სასარგებლოდ” ჩამოართვეს და “აუცილებელია, სასწრაფოდ ჩამოყალიბდეს სახელმწიფო პოლიტიკა სამურზაყანოს მოსახლეობის ინტეგრაციისთვის”.

ყრილობაზე გაიჟღერა იმის კონკრეტულმა მაგალითებმაც, რაოდენ მძიმეა სადღეისოდ გალელების ყოფა და რაოდენ უხეშად ირღვევა მათი უფლებები. «როგორ უნდა ავუხსნათ მსოფლიოს, როცა სამურზაყანოში დაბადებულ ბავშვს დაბადების მოწმობას არ ვაძლევთ, დედამისი კი იძულებულია, ენგურს გადაღმა წავიდეს, ეს თოთო ბავშვიც თან წაიყვანოს 30-40 კმ-იან გზაში, რათა ჩვენს ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვს დაბადების მოწმობა აუღოს? ეს სწორია? ასე უნდა ვექცეოდეთ დედებს?!” - განაცხადა ფილიამ.

და ის სულაც არაა პირველი, ვინც ბოლო წლებში ღიად საუბრობს ადგილობრივი ქართველების მძიმე ყოფაზე. ასე, მაგალითად, 2020 წლის 13 აგვისტოს “პრემიერმა” ალექსანდრე ანქვაბმა უსამართო უწოდა გადაწყვეტილებას, აფხაზური “პასპორტები” გაეუქმებინათ გალელი ქართველებისთვის, რომელთაც თავის დროზე აფხაზების წინააღმდეგ არ უომიათ. თუმცა ამ კატეგორიისთვის აფხაზური “მოქალაქეობის” აღდგენის იდეას ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაას” წევრ ოპოზინიონერთა კატეგორიული წინააღმდეგობა მოჰყვა: მათ განაცხადეს, რომ “საქართველოს მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქების მინიჭება შეფასდება 1992–1993 წ.წ. ომის შედეგებისა და აფხაზეთის გამარჯვების რევიზიის მცდელობად”. იმავე წლის დეკემბერში კი ოპოზიციამ გადაწყვიტა, საბოლოოდ ”ჩაეკლა” რაიონის მოსახლეობა, ამჯერად – “პარლამენტიდან”: საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნატალი სმირმა საკომიტეტო მოსმენაზე გააფრთხილა გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღანელი, რომ საბიუჯეტო დოტაციები განახევრდებოდა. არგუმენტი ასეთი იყო: “აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონეებს ხელფასი არ უნდა ეძლეოდეთ”. ინიციატივას შეეწინააღმდეგა რაიონის დე ფაქტო მმართველი კონსტანტინე ფილია, რომელმაც აღნიშნა, რომ “ვითარება ისედაც კატასტროფულია, მოსახლეობის უმრავლესობას ელემეტრარული უფლებებიც აღარ აქვს და პარლამენტი ასეთ დროს პასპორტებში კი არ უნდა იქექებოდეს, ყველა ღონეს უნდა ხმარობდეს ადამიანებისთვის წართმეული უფლებების აღსადგენად”.

ერთი წლის წინ, პირველად ომისშემდგომ ისტორიაში, გალის რაიონის მოსახლეობის უფლებების დარღვევის შესახებ განაცხადა აფხაზეთის ომბუდსმენმაც. თავის 140-გვერდიან მოხსენებაში მან ამ თემას საკმაოდ მოცულლბითი ნაწილი მიუძღვნა, რითაც ვაი-პატრიოტებს ბრალდებების წაყენების საფუძველი მისცა. სახალხო დამცველის შეფასებით, “ეთნიკური ქართველების, განსაკუთრებით გალელების მიმართ აფხაზეთის ხელისუფლების პოლიტიკა უდავოდ დისკრიმინაციულია”. «ადგილობრივი ქართველების სამართლებრივი მდგომარეობა ამ დრომდე დაურეგულირებელი რჩება. ძირითად პრობლემას მათთვის პირადობის დამადასტურებელი საბუთების მიღება წარმოადგენს. დოკუმენტების არქონის გამო გალის რაიონის ზოგიერთი მკვიდრი თავისუფლად ვერ გადაადგილდება. გარდა ამისა, რაიონში ირღვევა განათლების მიღების უფლება, რადგან 2015 წლიდან სკოლებში სწავლება რუსულ ენაზე წარმოებს, ხოლო რაკი რაიონში რუსულ ენას სათანადო დონეზე არ ფლობენ, მათ შორის - პედაგოგებიც, მოსწავლეები საგნებს ნორმალურად ვერ ითვისებენ. ამასთანავე, მიწის გადასახადის ოდენობა რაიონში მნიშვნელოვნად აღემატება მის ოდენობას აფხაზეთის სხვა ნაწილებში», - აღნიშნა თავის მოხსენებაში ასიდა შაკრილმა.

გასული წლის ზაფხულში პრობლემა გააჟღერა გალის “რაიონული კრების” დეპუტატმა ოლგა ბელოუსოვამაც. 14 ივლისს, რაიონული “ადმინისტრაციის” თათბირზე, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალხას კვიცინიაც ესწრებოდა, მან აღნიშნა, რომ “თავის დროზე აფხაზური პასპორტების გაუქმებით რაიონის მაცხოვრებლებს არა მარტო მოქალაქეობა გაუუქმეს, არამედ ძალიან დაამცირეს და ბავშვებს მომავალი წაართვეს”. ბელოუსოვას თქმით, ბოლო პერიოდში დაბადებულ ბავშვებს დაბადების მოწმობები არ აქვთ, რადგან მათ მშობლებს არ სურთ “ბინადრობის მოწმობის” აღება, რათა “მეორე სორტის ადამიანებად” არ იქცნენ”. “ბინადრობის მოწმობა ზღუდავს ადგილობრივ ძირძველ მოსახლეობას უფლებებში. შექმნილი ვითარების გამო ადამიანები სახლებს ტოვებენ, ვერ ხედავენ სხვა გამოსავალს. არადა, ჩვენ ხომ აქ წინაპრები გვყავს დაკრძალული, მამაპაპისეული სახლები გვაქვს! ჩვენ ვშრომობთ აფხაზეთის საკეთილდღეოდ, კეთილსინდისიერად ვუხდით გადასახადებს აფხაზეთს, რომელიც მე-11 კლასის შემდეგ ჩვენს შვილებზე უარს იტყვის. როგორ ავუხსნათ აქ დაბადებულ ბავშვებს, რომ სამშობლოს მოქალაქეები არ არიან?!» - განაცხადა “დეპუტატმა” და დასძინა, რომ “გალის რაიონის მოსახლეობის მიმართ მსგავსი პოლიტიკა არაჰუმანურია, ხოლო ადამიანთა “ჩვენიანებად” და “სხვისიანებად” დაყოფა - არაკონსტრუქციული".

თითქოს განიმსჭვალა მდგომარეობის სიმძიმით ალხას კვიცინიაც. მან აღნიშნა, რომ “თუ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, მაგრამ აფხაზი ხალხის წინააღმდეგ იბრძოლეს, ეს საკითხის ერთი მხარეა, მაგრამ არსებობენ ასევე მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომლებიც აფხაზეთსა და აფხაზებს ეხმარებოდნენ”. თუმცა არავითარი დადებითი ძვრები ამას არ მოჰყოლია.

ამჯერად გალის რაიონის პრობლემა “აფხაზეთის სახალხო კონგრესმა” წამოსწია. მაგრამ უკვე ტრადიციულად, მყისიერად აიმაღლეს ხმა სხვადასხვა ყაიდის რევანშისტებმა, პოპულისტებმა, ვაი-პატრიოტებმა, რომლებსაც ძალიან უყვართ საუბარი აფხაზეთის ფართო საერთაშორისო აღიარების პერსპექტივებზე, მაგრამ აბსოლუტურად არ ზრუნავენ მის საერთაშორისო იმიჯზე.

“გვინდა, მტრული სახელმწიფოს მოქალაქეებზე აფხაზური პასპორტები გავცეთ? - სანამ მოქალაქეობის შესახებ კანონს არ შეცვლით, არაფერი გამოგივათ. სიამოვნებით მივადევნებ თვალს, ვის გეყოფათ საამისოდ გამბედაობა” – წერს სოცქსელში აფხაზეთის შს ყოფილი დე ფაქტო მინისტრი ასლან კობახია. ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაამ” განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, «აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეების სტატუსი კანონითაა განსაზღვრული და საკითხი დახურულია”. “წარსულის შეცდომები, რომლებმაც 2014 წლის მაისში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, აღარ უნდა განმეორდეს. […] არასოდეს დავუშვებთ, რომ საქართველომ, უწინდელის მსგავსად, აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში მცხოვრები მისი მოქალაქეების გამოყენებით გავლენა მოახდინოს აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე», – ნათქვამია განცხადებაში. დე ფაქტო ექს-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა კი «Нужная газета»-სთან ინტერვიუში “კონგრესის” ყრილობაზე გაჟღერებულ იდეას ასე გამოეხმაურა: «ვფიქრობ, მათ [იდეის ავტორებმა – რედ.] უნდა მიმართონ სტანისლავ ლაკობას[1]. იმედი მაქვს, ის გასაგებ ენაზე აუხსნის მათ, რაც ამ დრომდე ვერ შეიგნეს. კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველას, რომ ამ თემის წამოწევა არ ღირს. მოქალაქეობის შესახებ კანონში დაფიქსირებული დებულებების შეცვლას არავინ დაუშვებს».

ჩემის მხრივ მინდა, შევახსენო მსგავს მოღვაწეებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომლის მხრიდან ფართო აღიარებისკენაც ისწრაფვის აფხაზეთი, თავისი მკაფიო კანონები აქვს და ადამიანის უფლებები მისთვის ლიტონი სიტყვები არაა. ყოველ ჯერზე, როცა თბილისი და დასავლეთი აფხაზეთში მოსახლეობის უფლებების დარღვევის შესახებ აკეთებენ განცხადებებს, ისინი ყალყზე დგებიან და ირწმუნებიან, რომ ეს “სიცრუე და არაკეთილმოსურნეთა პროვოკაციაა”, რომ «აფხაზეთი დემოკრატიული სახელმწიფოა და გალის რაიონში მცხოვრები ქართველები რესპუბლიკაში მცხოვრებ სხვა ეროვნებების წარმომადგენლებთან თანასწორუფლებიანი მოქალაქეები არიან”. მაგრამ “დემოკრატიული სახელმწიფოს” პრინციპების დეკლარირება ერთია, ხოლო მათი დაცვა – სულ სხვა რამ და ჯერ-ჯერობით მსგავსი მოღვაწეების გამოისობით მსოფლიო აფხაზეთში მხოლოდ ადამიანის უფლებების გამანადგურებელ “სახელმწიფობანას” თამაშს ხედავს.

[1] სტანისლავ ლაკობა - აფხაზი ისტორიკოსი, ლიტერატორი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, რიგი წიგნებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, 2005-2009 და 2011-2013 წ.წ. - აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდვანი. 2013 წლის გაზაფხულზე მასა და “პრეზიდენტ” ალექსანდრე ანქვაბს შორის კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ გალის მოსახლეობის პასპორტიზაციის საკითხი იქცა. იმავე წლის 29 ოქტომბერს ანქვაბმა ლაკობა თანამდებობიდან გადააყენა, რის გამოც ამ უკანასკნელმა დე ფაქტო პრეზიდენტი “ძალაუფლების უზურპაციაში” დაადანაშაულა. იმხანად აფხაზურ მედიაში დაიწერა, რომ სწორედ ლაკობა გახდა მთავარი იდეოლოგი 2014 წლის ცნობილი მოვლენებისა, რომელთა შედეგად ანქვაბი აფხაზეთიდან წავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტად რაულ ხაჯიმბა იქცა.

________________________________________________________________________________

ეკატერინე ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S