რა წერია აშშ–ისა და NATO–ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ პასუხებში: El Pais წერილებს აქვეყნებს
02/02/2022 10:00:18 მსოფლიო
ესპანურმა მედიასაშუალება El Pais-მა უსაფრთხოების საკითხების გარშემო რუსეთის წინადადებებზე აშშ-ის და ნატო–ს პასუხის სრული ტექსტი გამოაქვეყნა.
გამოცემის ცნობით, საუბარია ორ ინგლისურენოვან დოკუმენტზე - ალიანსის პასუხზე, რომელიც ოთხი გვერდისგან შედგება და ვაშინგტონის პასუხზე, რომელიც ხუთ გვერდს მოიცავს.
გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, აშშ და ნატო მზად არიან, გააგრძელონ რუსეთთან დიალოგი უსაფრთხოებაზე, თუმცა ამის მთავარ პირობად ასახელებენ უკრაინის გარშემო ვითარების დეესკალაციას და უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას. აშშ მზადაა, განიხილოს საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განთავსების საკითხი და რუსეთს სთავაზობს, შეიქმნას მექანიზმი პოლონეთსა და რუმინეთში Aegis Ashore-ის სისტემის შესამოწმებლად, რათა რუსეთს შეეძლოს, დარწმუნდეს, რომ არ მიმდინარეობს Tomahawk-ის რაკეტების განთავსება. აშშ ასევე გამოდის მოწოდებით, დაიწყოს მოლაპარაკება ბირთვული შეიარაღების კონტროლის ახალ შეთანხმებაზე, და თანახმაა კიევთან კონსულტაციით გაიმართოს დიალოგი უკრაინაში სახმელეთო შემტევი რაკეტების არ განთავსებაზე თუ მოსკოვიც ანალოგიური პირობით გამოვა.
ნატო და აშშ მზად არიან განიხილონ ევროპაში სამხედრო წვრთნების საკითხი, თუმცა დოკუმენტში საუბარი არ არის რუსეთის ფედერაციის და მისი მოკავშირეების საზღვრებთან წვრთნების აკრძალვაზე, როგორც ამას რუსეთი ითხოვდა.
აშშ და ნატო რუსეთს სთავაზობენ დიალოგის გამართვას იარაღის კონტროლის ზომებზე ინციდენტების პრევენციის მიზნით, იმის სანაცვლოდ, რომ ვითარება დეესკალაციას დაექვემდებარება უკრაინაში და რუსეთი ჯარებს და მშვიდობის დამცველებს გაიყვანს ყირიმიდან, დნესტრისპირეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.
წერილების მიღების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავარი მოთხოვნები იგნორირებულია.
გასული წლის ნოემბრის ბოლოდან რუსეთმა სამხედრო ძალას უკრაინის საზღვართან მოუყარა თავი, შემდეგ კი ეტაპობრივად ზრდის მათ რაოდენობას. სამხედრო ძალა მოსკოვმა ბელარუსშიც გადაისროლა. დასალეთის განგაშის ფონზე, რომ რუსეთში უკრაინაზე გეგმავს მორიგ სამხედრო აგრესიას, პუტინმა ნატო–ს და უშუალოდ აშშ–საც ულტიმატუმი წაუყენა: არ გაფართოვდეს ნატო აღმოსავლეთით და გააუქმოს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო–ს წევრები; რუსეთის საზღვრებთან სარაკეტო სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში [ნატოს] ბლოკის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნება.
26 იანვარს შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ რუსეთს მის მიერ წარდგენილ უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხები გადასცეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საჯაროდ ისაუბრეს დოკუმენტის ძირითად დებულებებზე და განაცხადეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს პარტნიორები და ალიანსები.
დასავლეთი მოუწოდებს რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა, ვინაიდან უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგები მოჰყვება თავად რუსეთისთვის.


