
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოთხ ქალაქში აქციები გამართა
02/02/2022 09:37:56 საზოგადოება
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საქართველოს 4 ქალაქში: თბილისში, ქობულეთში, ქუთაისსა და ფოთში აქციები გამართეს.
მათ სოციალურ საკითხებზე, ინფლაციაზე, სამომხმარებლო პროდუქტებზე, გაზრდილ ფასებზე გაამახვილეს ყურადღება და ამასთან მიმართებით მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრეს.
თბილისში პარტია ,,ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ თქვა, რომ ნაცვლად იმისა, რომ მმართველი გუნდის წევრები მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ, დაკავებული არიან პირადი კეთილდღეობის მოპოვებით.
გაზრდილ ფასებზე გაამახვილა ყურადღება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბესიკ ბრეგაძემაც:
"ხელისუფლებამ რამდენიმე ლარით გაზარდა პენსია, მაგრამ ეს ვერანაირად იქნება საკმარისი, მაშინ, როცა წამლებზეც და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები კატასტროფულად იზრდება", - თქვა ბესიკ ბრეგაძემ.
გასული წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 13.9%-მდე გაიზარდა. "წინა თვესთან შედარებით ამ ზრდის ძირითადი მიზეზი კომუნალური გადასახადების 2020 წლის სუბსიდიის საბაზო ეფექტი იყო, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
10 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 11 თვის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს.