
თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე ბენეფიციარებს რიგ კვლევებს დაუფინანსებს
02/02/2022 07:28:24 საზოგადოება
დედაქალაქის მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე ბენეფიციარებს თავის ტვინის, ასევე ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას დაუფინანსებს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეებს ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთონ.
„თბილისის მერიამ 2020 წელს დაიწყო „გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა“. 2022 წელს კი მათთვის კვლევების დაფინანსება დაემატა. კერძოდ, მერია აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასაც დაუფინანსებს.
აღნიშნული დაავადების სიმპტომები 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება და ამ ასაკობრივი ჯგუფის არატრავმული უნარშეზღუდულობის მიზეზი ხდება. მერიის პროგრამის საშუალებით შესაძლებელი ხდება გაფანტული სკლეროზით დაავადებული პირები არ მიეჯაჭვონ საწოლს ან ეტლს, არამედ, ჩაერთონ ყოველდღიურ საქმიანობაში და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ“,- აღნიშნავს კალაძე.