პუტინი – დასავლეთზე: „გადაგვაგდეს“
01/02/2022 20:28:08 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მთავრობა სწავლობს შეერთებული შტატებისა და ნატოს პასუხებს „უსაფრთხოების გარანტიებთან“ დაკავშირებით, თუმცა „აშკარაა, რომ კრემლის მთავარი შეშფოთებები იგნორირებული იყო". ეს არის პუტინის პირველი კომენტარი აშშ-ისა და ნატოს პასუხზე "უსაფრთხოების გარანტიების" თაობაზე. ის კრემლში გამოვიდა სიტყვით უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით „უკვე ნათელია, რომ რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებულია":
"ჩვენ ვერ დავინახეთ ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება“.
ამასთან, მან კვლავ გაიმეორა კრემლის პროპაგანდისტული გზავნილი, თითქოს რუსეთს ჰქონდა ალიანსისგან დაპირება მიღებული აღმოსავლეთით არგაფართოების თაობაზე:
"მათ ერთი თქვეს, მეორე გააკეთეს, როგორც იტყვიან, გადაგვაგდეს, უბრალოდ, მოგვატყუეს. [...]
ამბობენ, ღია კარის პოლიტიკა. ეს საიდან მოვიდა? ნატო-ში ღია კარის პოლიტიკა, სად წერია ეს? არსად. თუ მეხსიერება არ მღალატობს, 1949 წლის შეთანხმების 10 სტატიაში ნატო-ს შექმნაზე წერია, რომ ალიანსს სხვა წევრებთან თანხმობით შეუძლია სხვა ევროპული ქვეყნების მიღება ორგანიზაციაში. შეუძლია, მაგრამ ვალდებული არ არის.
ამერიკასაც და ნატო-საც შეუძლიათ უკრაინისთვის თქმა, რომ ჩვენ გვსურს თქვენი უსაფრთხოების გარანტირება, პატივს ვცემთ მას, მაგრამ ვერ მიგიღებთ, რადგან გვაქვს სხვა ადრე აღებული ვალდებულებები. რა არის გაუგებარი ან საწყენი უკრაინისთვის?“, – განაცხადა პუტინმა.
გარდა ამისა, პუტინის თქმით, ყირიმი რუსეთის სუვერენული ტერიტორიაა და ამ ნაწილში მათთვის საკითხი დახურულია:
„უკრაინის დოკუმენტებში წერია, რომ ისინი აპირებენ ყირიმის დაბრუნებას, მათ შორის სამხედრო გზით. ისინი ამას არა მხოლოდ საუბრობენ, დოკუმენტებშიც კი უწერიათ. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრია. გადავსებული იარაღი, დგას თანამედროვე თავდასხმითი სისტემები, ისეთივე, როგორც პოლონეთსა და რუმინეთში, ვინ შეუშლის ხელს? დაიწყებენ ოპერაციას ყირიმში. ეს რუსეთის სუვერენული ტერიტორიაა. ამ ნაწილში ჩვენთვის საკითხი დახურულია. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრია და იწყება სამხედრო ოპერაცია. ჩვენ რა, ნატო-ს ვეომოთ? ვინმემ იფიქრა ამაზე? როგორც ჩანს, არა“.
მისი თქმით, „ნატო აცხადებს, რომ ქვეყნებს თავისუფალი არჩევანის უფლება აქვთ. მაგრამ არ შეიძლება ვინმეს უსაფრთხოების გაძლიერება სხვების ხარჯზე“.
იხილეთ ასევე: ტყუილია ინფორმაცია, თითქოს “ცივი ომის” შემდეგ NATO რუსეთს არგაფართოებას დაჰპირდა
გასული წლის ნოემბრის ბოლოდან რუსეთმა სამხედრო ძალას უკრაინის საზღვართან მოუყარა თავი, შემდეგ კი ეტაპობრივად ზრდის მათ რაოდენობას. სამხედრო ძალა მოსკოვმა ბელარუსშიც გადაისროლა. დასალეთის განგაშის ფონზე, რომ რუსეთში უკრაინაზე გეგმავს მორიგ სამხედრო აგრესიას, პუტინმა ნატო–ს და უშუალოდ აშშ–საც ულტიმატუმი წაუყენა: არ გაფართოვდეს ნატო აღმოსავლეთით და გააუქმოს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო–ს წევრები;
რუსეთის საზღვრებთან სარაკეტო სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში [ნატოს] ბლოკის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნება.
26 იანვარს შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ რუსეთს მის მიერ წარდგენილ უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხები გადასცეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საჯაროდ ისაუბრეს დოკუმენტის ძირითად დებულებებზე და განაცხადეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს პარტნიორები და ალიანსები.
დასავლეთი მოუწოდებს რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა, ვინაიდან უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგები მოჰყვება თავად რუსეთისთვის.
იხილეთ ასევე: აქცევს თუ არა ნატო ბირთვულ რუსეთს ალყაში – ალიანსი რუქას აქვეყნებს


