
კიევში ერდოღანს ელიან
01/02/2022 16:01:25 ევროპა, მსოფლიო
მიმდინარე კვირაში კიევში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიფ ერდოღანს ელიან,– ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა.
„ამ კვირაში უკრაინაში მივიღებთ თურქეთის პრეზიდენტს“,– განაცხადა მინისტრმა.
ორიოდ კვირის წინ თავად ერდოღანმაც, რომელიც კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს მოსკოვთან და კიევთან, იმავდროულად, უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, რამაც კრემლის გაღიზიანება გამოიწვია, ხოლო ლიბიაში ანკარა და მოსკოვი ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალებს უჭერენ მხარს, აღნიშნა თებერვლის დასაწყისში უკრაინიაში დაგეგმილი ვიზიტის თაობაზე.
რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილ კრიზისს, როგორც ერდოღანმა განაცხადა, დაძაბულობის შემცირების ნიშნები არ ჩანს და იქვე დასძინა, რომ მზადაა, უმასპინძლოდ ორივე ქვეყნის ლიდერს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
„თურქეთს სურს, უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა დარეგულირდეს, ვიდრე ეს ახალ კრიზისში გადაიზრდება“,– განაცხადა ედროღანმა.
ამასთან, მან რუსეთისთვის და რეგიონისთვის არარაციონალური უწოდა უკრაინაზე სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას, დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა და განაცხადა, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, თურქეთი შეასრულებს ნატოს წევრის ვალდებულებას.
გარდა ერდოღანის ვიზიტისა, კიევში მიმდინარე ორი კვირის განმავლობაში სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს ელიან. კერძოდ, დღეს კიევში ჩაფრინდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელიან ჰოლანდიის და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ხოლო მომავალ კვირაში, ცენტრალური ევროპის ქვეყნების მთავარ დიპლომატებს. ასევე დაგეგმილია ბრიტანეთის და პოლონეთის პრემიერ–მინისტრების და საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები.
„არავინ იცის, ლვადიმირ პუტინის თავში რა ხდება, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ უცხოელი მაღალი რანგის თანამდებობის პირების მსგავსი ინტენსიური ვიზიტებით სამხედრო ესკალაციის რისკები მცირდება“,– განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.