
კოვიდის რამდენი აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი და მათგან რამდენს დასჭირდა ჰოსპიტალიზება 1 თებერვლის მდგომარეობით
01/02/2022 07:10:29 საზოგადოება
1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 164 572 აქტიური შემთხვევა, მათგან მორიგი სარეკორდო ნამატი – 24 201 გასულ დღე–ღამეში დადასტურდა. თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ინფიცირებულა რაოდენობა მინიმუმ, ორჯერ მეტია, მაგრამ მათ არ მიუმართავთ ჯანდაცვითი სისტემისთვის ვირუსის მსუბუქი ან უსიმპტომო მიმდინარეობის გამო.
ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთაგან 157 087 მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო ჰოსპიტალიზება დასჭირდა 5 454 ადამიანს. მათგან მძიმეა 1 048 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პაციენტი.
სპეციალისტები ეპიდვითარების მკვეთრ გაუარესებას, რაც ქვეყანაში ძირითადად იანვრის მეორე ნახევრიდან შეინიშნება, კორონავირუსის უფრო გადამდებ შტამს – „ომიკრონს“ უკავშირებენ. ამასთან, მათი ხედვით ინფიცირების შემთხვევების მატება თებერვალშიც გაგრძელდება და პიკს დაახლოებით, შუა რიცხვებისთვის მიაღწევს.
მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა მის წინამორბედ „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად ხასიათდება, სპეციალისტების ხედვით, ის მაინც სახიფათოა, ამიტომ მოქალაქეებს „ბუსტერიზაციისა“ და პირბადის სათანადოდ გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
„არსებობს მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ უფრო იოლად მიმდინარეობს და ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. ის მართლაც იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას, მაგრამ არა იმდენად, როგორც ჰგონიათ, ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი თავისი სიმძიმით, გრიპზე სულ ცოტა 10-ჯერ მეტ სიკვდილობას იწვევს. იმის ხარჯზე, რომ შემთხვევები 3-5-ჯერ მეტია, ვიდრე „დელტას“ დროს იყო, ჯამურად ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი მაინც მეტი გამოდის“,– განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, ის მოქალაქეებს მოუწოდებს, დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარებას:
„უდიდესი თხოვნაა, ნუ ელოდებით დამძიმებას. დამძიმება უნდა შეაფასოთ შემდეგნაირად: თუ ტემპერატურა გრძელდება 3 დღეზე მეტი და სიცხის დამწევებს არ ემორჩილება, ძირითადი ნიშანი არის სუნთქვის გაძნელება და სატურაციის დაქვეითება. თუ თქვენ გაქვთ დამძიმებული მდგომარეობა ან ამის რისკი არსებობს, მოგვმართეთ პირველი 8-10 დღის მანძილზე".