"რუსეთმა გაერო–ს უთხრა, რომ საქართველოში სამშვიდობოებს გზავნიდა, რეალურად კი ქვეყანაში იჭრებოდა“ – გაერო–ს უშიშროების საბჭოზე უკრაინის თემაზე მსჯელობენ
31/01/2022 18:31:56 მსოფლიო
გაერო–ს უშიშროების საბჭოზე, რომელზეც უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილ კრიზისზე მსჯელობენ, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გაერო-ში ჯეიმს კარიუკიმ სიტყვით გამოსვლისას საქართველოზე რუეთის სამხედრო აგრესია გაიხსენა.
"2008 წელს, რუსეთმა ამ საბჭოს უთხრა, რომ საქართველოში სამშვიდობოებს აგზავნიდა. რეალურად, ის დამოუკიდებელ, დემოკრატიულ ქვეყანაში იჭრებოდა. 2014 წელს რუსეთმა ამავე საბჭოზე უარყო ყირიმში მისი ძალების არსებობა. რეალურად, მისი ჯარისკაცები დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინის ნაწილის ანექსიას ახდენდნენ. დღეს რუსეთი უარყოფს, რომ მისი ძალები უკრაინას საფრთხეს უქმნიან, თუმცა ჩვენ კვლავ ვხედავთ დეზინფორმაციას, კიბერშეტევებსა და დესტაბილიზაციის შეთქმულებებს, რომლებიც მიმართულია დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ,"- განაცხადა ელჩმა.
გაეროში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთი გეგმავს, ბელარუსში თავისი სამხედროების რაოდენობა თებერვლის შუა რიცხვებამდე 30,000-მდე გაზარდოს, რაც უკრაინის მიმართ მისი მუქარს ნაწილია.
ამასთან, მან გაიმეორა აშშ–ის პოზიცია, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სწრაფი და გადამწყვეტი პასუხით გამოვლენ, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.
ელჩმა გაერო–ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, შეაფასოს არა მხოლოდ რუსეთის განცხადებები უკრაინასთან მისი მიმართების შესახებ, არამედ მისი ნაბიჯებიც და დასძინა, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ამჟამინდელი ზრდა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია ევროპაში:
"ახლა, როცა ჩვენ ვმსჯელობთ, რუსეთი იქ კიდევ უფრო მეტ ძალას და იარაღს გზავნის".
მანამდე რუსეთი შეეცადა, დაებლოკა 15-წევრიანი საბჭოს სხდომა, რომლის გამართვაც აშშ-მა ითხოვა, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების მასშტაბური მობილიზაციის განხილვის მიზნით.
გაერო–ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ აშშ-ს ბრალი დასდო "ისტერიის გამოწვევაში" უშიშროების საბჭოში დისკუსიის მოთხოვნის გზით.
მან ამ შეხვედრას უსაფუძვლო უწოდა, თუმცა 15-წევრიანმა საბჭომ მხარი დაუჭირა აშშ-ის თხოვნის განხორციელებას.


