Accentnews.ge
თენგიზ ცერცვაძე: "შეცდომები იყო, ხელიდან გაგვექცა ზოგადად პანდემიის მართვა"

თენგიზ ცერცვაძე: "შეცდომები იყო, ხელიდან გაგვექცა ზოგადად პანდემიის მართვა"

30/01/2022 18:21:14 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიის მართვისას ცალკეულ შემთხვევაში შეცდომები იყო.

„შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა ზოგადად, პანდემიის მართვა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური, კლინიკური მართვა. ცუდი მკურნალობა რომ ყოფილიყო, მაშინ არა მხოლოდ გარდაცვალების მაღალი რიცხვი იქნებოდა, არამედ ავადმყოფებს შორის გარდაცვალების მაღალი პროცენტი და ჩვენთან არც ერთხელ არ ყოფილა ეს 1,5-ზე მეტი“,-განაცხადა ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისი თქმით, პაციენტები კლინიკებს დროულად არ მიმართავენ, რაც სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მან მოსახლეობას თხოვნით მიმართა, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ან ოჯახის ექიმს.

„უდიდესი თხოვნაა, ნუ ელოდებით დამძიმებას. დამძიმება უნდა შეაფასოთ შემდეგნაირად: თუ ტემპერატურა გრძელდება 3 დღეზე მეტი და სიცხის დამწევებს არ ემორჩილება, ძირითადი ნიშანი არის სუნთქვის გაძნელება და სატურაციის დაქვეითება. თუ თქვენ გაქვთ დამძიმებული მდგომარეობა ან ამის რისკი არსებობს, მოგვმართეთ პირველი 8-10 დღის მანძილზე".

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა გრიპთან შედარებით მაინც სახიფათოა:

„არსებობს მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ უფრო იოლად მიმდინარეობს და ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. ის მართლაც იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას, მაგრამ არა იმდენად, როგორც ჰგონიათ, ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი თავისი სიმძიმით, გრიპზე სულ ცოტა 10-ჯერ მეტ სიკვდილობას იწვევს. იმის ხარჯზე, რომ შემთხვევები 3-5-ჯერ მეტია, ვიდრე „დელტას“ დროს იყო, ჯამურად ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი მაინც მეტი გამოდის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S