საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს დაქირავებულ მებრძოლებს "მძარცველები" უწოდა
30/01/2022 18:11:01 მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა კვირას გაზეთ Journal du Dimanche-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს, რომლებიც მალიში იმყოფებიან „მძარცველები“ უწოდა.
როგორც „ამერიკის ხმა“ იუწყება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების წყაროებზე დაყრდნობით, რესპუბლიკა მალის საჰელის პროვინციაში ასობით რუსი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება კომპანია „ვაგნერიდან“.
მინისტრმა ინტერვიუში „ვაგნერის“ მებრძოლებს უწოდა „რუსეთის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები“, რომლებიც რუსეთის იარაღით არიან აღჭურვილი.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის დაქირავებული მებრძოლები ქვეყნის ბუნებრივი რესურსების ძარცვას ეწევიან სამხედრო ხუნტის დაცვის სანაცვლოდ.
„ვაგნერელები" იყენებენ ზოგიერთი სახელმწიფოს სისუსტეს, რათა ფეხი მოიკიდონ... და აფრიკაში რუსეთის გავლენა დააბრუნონ,“ დასძინა ლე დრიანმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუზუსტებია, როგორ იმოქმედებენ ჯიჰადისტებთან საბრძოლველად რეგიონში განთავსებული ევროპული ძალები მას შემდეგ, რაც მალის ახალმა ხელისუფლებამ იქიდან განდევნა დანიელი სამხედრო მოსამსახურეები.
მალიში ხელისუფლების სათავეში მოსული სამხედროები არ ეთანხმებიან რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის საქმიანობის ასეთ შეფასებას.


