
"ფიქციაა"– რესტორატორები "მწვანე პასპორტის" გაუქმებას ითხოვენ
29/01/2022 11:43:24 საზოგადოება
რესტორნების მეპატრონეები თვლიან, რომ "მწვანე პასპორტი" ფუნქციას ვერ ასრულებს და მის გაუქმებას მოითხოვენ.
"საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე თვლის, რომ დღეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თვითმართვის რეჟიმზეა და ამ პირობებში მხოლოდ რესტორნებისთვის „მწვანე პასპორტის“ სახით შეზღუდვების მოქმედება სფეროს და ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს.
„დღეს ინფიცირების 18 000-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს და აბსოლუტურად ყველაფერი გახსნილია, რაც შეზღუდულია ეს სარესტორნო ბიზნესია, რაც ინფიცირების გავრცელების შეჩერებაში რაიმე როლს არ თამაშობს. დღეს „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებული შეზღუდვები არაფრის მაქნისია და ეს ფურცელზე დაწერილი ფიქციაა. ამით მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკა ჩერდება, იხურება რესტორნები და დასაქმებულები სამუშაო ადგილებს კარგავენ, ჩვენი სფეროდან პროფესიონალი კადრების ძალიან დიდი გადინებაა, რომლებიც 20 წლის განმავლობაში პროფესიულად იზრდებოდნენ. მხოლოდ და მხოლოდ ცუდი შედეგები გვაქვს. პრობლემა ძალიან დიდია და უაზრო სანქცია, რომელიც არაფერს აკეთებს, მხოლოდ ეკონომიკას აფერხებს. თუ სფეროს შევეხებით ძალიან ბევრი ობიექტი იხურება და ბევრი ადამიანი კარგავს სამუშაოს.“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“.
მისი თქმით, გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეისთვის არის მიღებული აბსურდულია:
“მეორეკლასელსაც შეუძლია ისე მართოდ ეპიდემია, როგორც ესენი მართავენ. დღეს მართვის ბერკეტი არ არსებობს. მართვა არის მხოლოდ და მხოლოდ შედეგები, რომელსაც ვითვლით. ერთადერთი შეზღუდვა აქვთ რესტორნებზე, რომელიც არანაირი შედეგის მომტანი არ არის.
მივესალმები პრემიერ-მინისტრის მიდგომას, როდესაც მან ეკონომიკა გახსნა. და თუ დღეს არსებული „მწვანე პასპორტების“ შეზღუდვა მოიხსნება ჩვენ მრავალი ათასი ადამიანი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სამუშაო ადგილების გადარჩენას შევძლებთ".
ბურჯანაძე ამბობს, რომ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ის მომხრეა მწვანე პასპორტის იდეის, თუმცა ფიქრობს, რომ საქართველოში ეს იდეა სწორად არ მუშაობს, მათ შორის არალოგიკურად მიიჩნევს იმას, რომ "მწვანე სტატუსი" სტუმარს მოეთხოვება და არა რესტორანში დამხვედრ პერსონალს:
"მწვანე პასპორტების ისეთი შედეგები უნდა გვქონოდა, რაც იმუნიზაციას მისცემდა ბიძგს და შესაძლებელი გახდებოდა უსაფრთხო ზონების შექმნა. ამიტომ არის ეს ფიქცია, რომ რაც არ უნდა დაიცვან რესტორნებმა ვალდებულება, მაინც დაუცველი ხარ. არაფრის გამკეთებელი არ არის ეს შეზღუდვა. შეგვიძლია კომენდანტის საათიც მივიღოთ, მაგრამ შედეგს ხომ ვერ გამოიღებს? ხომ ვერ დააკავებს ვირუსის გავრცელებას. რა შეზღუდვაც მოქმედებს, ისიც ვერ აკავებს ვირუსის გავრცელებას. იმნაძემ და გამყრელიძემ დღეს იმაზე უნდა იზრუნონ, რომ იმუნიზაციის პროცესი დაჩქარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მწვანე პასპორტი მხოლოდ ბარიერს ქმნის, რაც ეკონომიკას კლავს".