
გორის სამხედრო ჰოსპიტალი: „არ არსებობდა კადრების შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა“
28/01/2022 12:08:22 საზოგადოება
გორის სამხედრო ჰოსპიტალი ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციას, რომ ჰოსპიტალმა შეგნებულად გაანადგურა სააკაშვილთან დაკავშირებული კადრები და მას ცრუს უწოდებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ვიდეომასალა იმ დროისთვის, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოითხოვა კადრების დაარქივება, უკვე წაშლილი იყო, „რადგან არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა“.
„საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პერიოდში მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამონტაჟდა კამერები. როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან უკან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა განხორციელდა 30 დეკემბერს, 00:15 საათზე. რადგან აღნიშნული კამერები ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მიზნებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა.
მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანიდან თითქმის ორი დღის შემდეგ, 31 დეკემბერს 18:25 საათზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან შემოვიდა წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო 27 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ვიდეომასალის დაარქივება. როგორც უკვე განვმარტეთ, აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო, რადგან არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა. უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსპექტორის მოთხოვნა სრულად ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდებოდა, კამერები კვლავ მუშა მდგომარეობაშიც კი რომ ყოფილიყო, რადგან აღნიშნულ კამერებს აქვთ 72-საათიანი მუშაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ავტომატურად ხდება მასალის გადაწერა. სახელმწიფო ინსპექტორის წერილი კი, როგორც აღინიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან გაწერიდან საკმაოდ დიდი პერიოდის შემდეგ შემოვიდა.
მასთან, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში დავით ღონიაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მიცემული აქვს დეტალური ჩვენება და მათ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის კანონდარღვევა არ დაუფიქსირებიათ.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისათვის ცხადი იქნება, რომ მიმდინარე კამპანია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია და სანამდვილესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია“, – აცხადებენ სამხედრო ჰოსპიტალში.